2013 წლის 1 ივლისს გიორგი არველაძე, რომელიც ამ დრომდე გენერალური დირექტორის მოადგილე იყო „ლიბერთი ბანკის“ გენერალურ დირექტორად დაინიშნა. ლადო გურგენიძე დარჩება „ლიბერთი ბანკის“ სამეთვალყურეო საბჭოს აღმასრულებელი თავმჯდომარე და ამ თანამდებობას 2015 წლის ბოლომდე დაიკავებს.
„ლიბერთი ბანკის“ მენეჯმენტში სხვა ცვლილებებიც განხორციელდა: ლექსო ლიპარტელიანი, რომელიც ამ დრომდე კორპორატიულ საბანკო საქმიანობას ხელმძღვანელობდა საკრედიტო რისკებს გააუწევს ხელმღვანელობას, რაც ამ დრომდე ლადო გურგენიძის ფუნქციებში შედიოდა. დავით ვერულაშვილი „ლიბერთი ბანკის“ კორპორატიული საბანკო დეპარტამენტის ხელმღვანელად დაინიშნა და დაგემილია 2013 წლის ბოლოს მისი გენერალური დირექტორის მოადგილედ დანიშვნა. სანდრო რთველაძე, რომელიც გენერალური დირექტორის მოადგილეა და „ლიბერთი ბანკის“ ახალი ბაზრების, არხებისა და კლიენტების მიმართულებას კურირებს ასევე გააგრძელებს ბანკის კორპორატიული საბანკო დეპარტამენტის თანადირექტორობას. არმენ მათევოსიანი, რომელიც გენერალური დირექტორის მოადგილეა საცალო საბანკო საქმიანობის მიმართულებით დამატებით ზედამხედველობას გაუწევს ბანკის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს, რომელსაც ამ დრომდე ლადო გურგენიძე კურირებდა.
გენერალური დირექტორის მოადგილე ზურაბ წულაია 2013 წლის მეორე ნახევრიდან შეასრულებს დამატებით ფუნქციებს ბანკში.
„ამიერიდან ჩემი ყოველდღიური ფუნქციების დიდ ნაწილს გადაინაწილებენ გიორგი, ლექსო და სანდრო, რის შედეგადაც მე მექნება მეტი შესაძლებლობა ყურადღება გავამახვილო ბანკის სტრატეგიულ განვითარებასა და კაპიტალის მოზიდვაზე. ასევე სანდროს გავუწევ სათანადო დახმარებას ახალი ბაზრების, არხებისა და კლიენტების სეგმენტების შექმნაში. დარწმუნებული ვარ, რომ ეს გუნდი რომელიც 2009 წლის სექტემბრიდან მოყოლებული მოღვაწეობს ბანკში შეძლებს სათანადოდ გააგრძელოს ბანკის მართვა. ცვლილებები თანამიმდევრულად განხორციელდება და ვინაიდან ჩვენ ყველას ერთიანი ხედვა და ღირებულებები გვაქვს „ლიბერთი ბანკი“ გააგრძელებს განვითარების არსებულ კურსს“, განაცხადა „ლიბერთი ბანკის“ სამეთვალყურეო საბჭოს აღმასრულებელმა თავმჯდომარემ, ლადო გურგენიძემ.