აშშ-ის ელჩი იმედოვნებს, რომ საკრებულოს წევრებზე ზეწოლას ადგილი არ ექნება. როგორც რიჩარდ ნორლანდმა ჟურნალისტებს კოკი იონათამიშვილისა და საქართველოს პრეზიდენტის მიმოწერასთან დაკავშირებული კითხვის საპასუხოდ განუცხადა, ამ თემაზე კონკრეტული კომენტარი არ აქვს, რადგან მიმოწერის დეტალებს არ იცნობს.
"თუმცა, ბოლო პერიოდის განმავლობაში ორივე მხარე აღნიშნავს საკრებულოს წევრების მოხვედრას წნეხის ქვეშ და ორივე მხარე სერიოზულად აღიქვამდა ამ თემას. ჩვენი მხრიდან შეგვიძლია გამოვთქვათ სურვილი, რომ ასეთ წნეხს ადგილი არ ჰქონდეს", - აღნიშნა რიჩარდ ნორლანდმა.
საკრებულოს ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე კოკი იონათამიშვილმა პარტიის დატოვების შესახებ განცხადება გუშინ, "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე გააკეთა. ამის შემდეგ პრეზიდენტის ადმინისტრაციამ კოკი იონათამიშვილის მიხეილ სააკაშვილისადმი მიწერილი წერილი გაავრცელა, სადაც იონათამიშვილი პრეზიდენტს ვალების გასტუმრებაში დახმარებას სთხოვს. კოკი იონათამიშვილმა პასუხი "ფეისბუქის" გვერდზე განათავსა, რომელიც ასე სრულდებოდა - "ამაზრზენი ხარ, მიშა".