ნატო-ში ინტეგრაცია ეს არ არის რომელიმე მთავრობის, ან რომელიმე პოლიტიკური პარტიის არჩევანი, ეს ქართველი ხალხის არჩევანია , - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა ნატო-საქართველოს კომისიის სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მისი თქმით, საქართველოს უკვე მესამედ ეწვია ჩრდილოატლანტიკური საბჭო, რაც იმის დასტურია, რომ საქართველოსა და ნატო-ს შორის თანამშრომლობა წარმატებულად და ინტენსიურად მიმდინარეობს.
"დარწმუნებული ვარ, რომ აღნიშნული ვიზიტის დროს შესაძლებლობა გექნებათ საფუძვლიანად გაეცნოთ ქვეყანაში მიმდინარე პროცესებს და გამართოთ ნაყოფიერი შეხვედრები. თქვენთვის კარგად არის ცნობილი, რომ ნატო-ში გაწევრიანება საქართველოს საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის უმთავრესი პრიორიტეტია. ნატოში ინტეგრაცია ეს არ არის რომელიმე მთავრობის, ან რომელიმე პოლიტიკური პარტიის არჩევანი, ეს არის ქართველი ხალხის, ჩვენი მოსახლეობის არჩევანი. ჩვენს ხალხს მშვენივრად ესმის, რომ ევროპულ და ევროატლანტიკურ სივრცეში ინტერგაცია, ის ერთადერთი გზაა, რომელიც თანამედროვე ევროპულ სახელმწიფოდ ჩამოყალიბებაში შეგვიწყობს ხელს", - აღნიშნა ივანიშვილმა.
პრემიერმა მადლობა გადაუხადა სტუმრებს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი მტკიცე და თანმიმდევრული მხარდაჭერისათვის, რასაც ალიანსი და ალიანსის წევრი ქვეყნები იჩენენ.
მისივე თქმით, საქართველოს, თავის მხრივ, თანმიმდევრულად და პირნათლად შეაქვს წვლილი საერთაშორისო უსაფრთხოების განტკიცების საქმეში.
"ჩვენი სამხედროები, მოკავშირეების მხარდამხარ იბრძვიან ავღანეთში, ყველაზე ცხელ წერტილში, ჰელმანდის პროვინციაში. საქართველო, 1600-კაციანი შემადგენლობით ნატოს არაწევრ ქვეყნებს შორის სამხედრო კონტიგენტის უმსხვილესი კონსტრიბუტორია და ჩვენ 2014 წლის შემდეგაც არ შევწყვეტთ ამ მხარდაჭერას და ჩვენს წვლილს შევიტანთ ავღანური ეროვნული შეიარაღებული ძალების ჩამოყალიბების საქმეში", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.