სალმონელოზით დაავადების მიზეზი გაყინული ხორცი გახდა

სალმონელოზით დაავადების მიზეზი გაყინული ხორცი გახდა

სურსათის ეროვნული სააგენტო რუსთაველი მოზარდებისა და მათი მშობლების სალმონელოზით დასნებოვნებასთან დაკავშირებით მოკვლევას აწარმოებს.

დაზარალებულთა განცხადებით, სალმონელოზით დაავადების მიზეზი გაყინული ხორცი გახდა, რომელიც ცენტრალური სუპერმარკეტის, ე. წ. „დეზერტირების ბაზრის“ მიმდებარე ტერიტორიაზე შეიძინეს და ოჯახურ პირობებში გადაამუშავეს. სააგენტოს უფლებამოსილმა პირებმა ოჯახიდან, სადაც აღნიშნული ხორცის დამზადება მოხდა, უკვე ამოიღეს ხორცის ანარჩენები და გამზადებული ხორცის ფარში, რომელიც კვლევისთვის ლაბორატორიას გადაეგზავნა. კვლევის შედეგები უახლოეს დღეებში გახდება ცნობილი და მის შესახებ მოსახლეობას დამატებით ეცნობება. თუმცა, სააგენტოს სპეციალისტები ვარაუდობენ, რომ შესაძლოა სალმონელათი დაავადების გამომწვევი ის ბოსტნეულიც იყოს, რომელიც მოგვიანებით ხორცის ფარშში აურიეს.

მიუხედავად ამისა, უკვე მიკვლეულია მაღაზია, სადაც შეიძინეს ხორცი, აღებულია ნიმუშები და მაღაზიას დროებით შეუჩერდა ფუნქციონირება.

ზაფხულის მოახლოებასთან ერთად სურსათის ეროვნული სააგენტო საგანგებო რეჟიმში აგრძელებს სამომხმარებლო ბაზრის მონიტორინგს. აქცენტი კეთდება საზოგადოებრივი კვების ობიექტებზე, განსაკუთრებულად შემოწმდება მალფუჭებადი პროდუქტები, მათი შენახვისა და რეალიზაციის პირობები.

სურსათის ეროვნული სააგენტო მოუწოდებს მოსახლეობას, ნუ შეიძენს პროდუქტს იმ ადგილებში, სადაც შენახვისა და რეალიზაციის სათანადო პირობები არ არის დაცული, განსაკუთრებით კი გარე ვაჭრობის ადგილებში.