სამალავში აღმოჩენილი ვიდეომასალის ირგვლივ, შესაძლოა, მერაბიშვილი დაკითხონ, - ამის შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის ეთერში განაცხადა.
მინისტრის თქმით, „ეს არ იყო ლოკალური ხასიათის, კონკრეტულ რეგიონში ჩადენილი დანაშაული, ეს იყო სისტემური დანაშაული და კვალი მის წინამორბედამდე მიდის".
„გამოძიების დაწყების მიზანია, დავადგინოთ და გამოვავლინოთ, რეალურად რასთან გვქონდა საქმე. მე ვთქვი და გავიმეორებ, ეს არ იყო ლოკალური ხასიათის, კონკრეტულ რეგიონში ჩადენილი დანაშაული, ეს იყო სისტემური დანაშაული, კარგად შემუშავებული მეთოდები, რასაც შინაგან საქმეთა სამინისტროს ყოფილი მმართველები ხელმძღვანელობდნენ. როცა საუბარია სისტემურ პრობლემაზე, რა თქმა უნდა, სერიოზული ეჭვები იკვეთება და კვალი თუნდაც ჩემს წინამორბედზე გადის. მინდა, შევახსენო საზოგადოებას, რომ ვანო მერაბიშვილი 2011 წელს შს მინისტრი იყო და რამდენიმე წელი ხელმძღვანელობდა ჩვენს უწყებას, შესაბამისად, გამოძიებას მასთან კითხვები რომ გაუჩნდეს, ლოგიკურია,"- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.