საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის შეფასებით, სამეგრელოში მდებარე სამალავებში აღმოჩენილ მასალებთან შედარებით, ციხის სკანდალური კადრები ძალიან მსუბუქი ვარიანტია.
როგორც მან ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის ეთერში განაცხადა, ეს კადრები გადაღებულია 2011 წელს, ვანო მერაბიშვილის მინისტროს დროს და იქ საუბარია ორ ეპიზოდზე.
"ეს საშინელი კადრებია. შედარება გავაკეთეთ მაგალითად ციხის კადრებთან. ციხის კადრები აბსოლუტურად ძალიან მსუბუქი ვარიანტია, ეს არის უმძიმესი კადრები და ნათელი დადასტურება, თუ როგორ ებრძოდა ადამიანს ყოფილი ხელისუფლება, როგორ ებრძოდნენ საკუთარ მოქალაქეებს, საკუთარ ხალხს ყოფილი რეჟიმის შემქმნელები და მათი იდეოლოგები", - აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.
მისივე თქმით, მას ჰქონდა საიდუმლო სამალავების ადგილმდებარეობის სია, თუმცა ეს სამალავი ამ სიაში არ იყო შესული. ამასთან, მინისტრი აღმოჩენილ მასალებთან დაკავშირებით მიმდინარე შეხვედრებსაც გამოეხმაურა. მისი თქმით, შეხვედრების მიზანია, საზოგადოებას ობიექტური ინფორმაცია მიეწოდოს და პროცესი მაქსიმალურად გამჭვირვალედ წარიმართოს.
ღარიბაშვილის ინფორმაციით, დღეს მსგავსი შეხვედრა არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიის წარმომადგენლებთან გაიმართება.
რაც შეეხება ოპოზიციის ბრალდებებს, შინაგან საქმეთა მინისტრი ამას ცინიზმის უკიდურეს გამოვლინებას უწოდებს. "როგორ წარმოგიდგენიათ, ჩვენ ეს სამარხები აღმოვაჩინეთ და ჩვენ ჩავდეთ ნარკოტიკები?! სასაცილოა, ამაზე კომენტარის გაკეთება არ შემიძლია, ეს არასერიოზული, უსუსური ბრალდებაა, ისინი არიან გაოგნებულები, პანიკაში, აგონიაში არიან და, შესაბამისად, ერთადერთი დარჩენიათ, რომ ჩვენ დაგვაბრალონ. ეს აბსურდი და ცინიზმის უკიდურესი გამოვლინებაა", - აღნიშნა ღარიბაშვილმა.