შინაგან საქმეთა მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სამეგრელოში სპეციალური კამუფლაჟით დაფარულ სამალავებში აღმოჩენილ ვიდეოფირებს დღეს არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებსა და მედიაორგანიზაციების ხელმძღვანელ პირებს გააცნობს.
როგორც "ინტერპრესნიუსს" შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს, შეხვედრა სამინისტროში 14:00 საათზე დაიწყება და დახურულ ფორმატში გაიმართება.
ირაკლი ღარიბაშვილმა სამეგრელოში მდებარე სამალავებში აღმოჩენილი ვიდეოფირები გუშინ საქართველოში აკრედიტირებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს გააცნო.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ სამეგრელოში სამალავებში ფეთქებად ნივთიერებებთან ერთად წამებისა და შეურაცხმყოფელი მოპყრობის ამსახველი ვიდეოფირები, ნარკოტიკები და წინა ხელისუფლებისადმი ოპოზიციურად განწყობილი პირების მონაცემების შემცველი არქივი აღმოაჩინა.
შსს-ს სახელმწიფო უსაფრთხოების სააგენტოს მიერ ჩატარებული კომპლექსური ღონისძიებების შედეგად, აღმოჩენილია ყოფილი ხელისუფლების შინაგან საქმეთა სამინისტროს მაღალი თანამდებობის პირების უშუალო ორგანიზებითა და ხელმძღვანელობით მიწისქვეშ, შენიღბულად მოწყობილი, სპეციალური კამუფლაჟით დაფარული სამალავები, რომლებშიც ნაპოვნია ფართომასშტაბიანი საბრძოლო ოპერაციების, მათ შორის, დივერსიული საქმიანობის წარმოებისათვის გათვალისწინებული დიდი ოდენობით ფეთქებადი ნივთიერებები და ასაფეთქებელი მოწყობილობები, ხელყუმბარები, ავტომატური და სხვა ცეცხლსასროლი იარაღი, კავშირგაბმულობის საშუალებები, სამხედრო ამუნიცია, აგრეთვე, დიდი ოდენობით ნარკოტიკული და ძლიერმოქმედი ფსიქოტროპული ნივთიერებები, კერძოდ, "ჰეროინი", "კოკაინი", "ოპიუმი", "სუბუტექსი" და ა.შ.
გარდა ამისა, სამალავებში აღმოჩნელია სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლების მიერ ადამიანების სასტიკი წამების, მათზე სექსუალური ძალადობის განხორციელების, ცემის, დამამცირებელი და შეურაცხმყოფელი მოპყრობის ამსახველი არაერთი ვიდეოფირი.