სასამართლო ხელისუფლება იმედოვნებს, რომ მართლმსაჯულების ხარვეზების დამდგენი კომისიის კანონპროექტში პარლამენტი ვენეციის კომისიის დასკვნას გაითვალისწინებს და გამოთქვამს მზადყოფნას , გააგრძელოს სასამართლო ხელისუფლების შემდგომი რეფორმირება და ითანაშრომლოს ყველა კონსტრუქციულად განწყობილ მხარესთან.
აღნიშნულთან დაკავშირეებით უზენაესმა სასამართლომ განცხადება გაავრცელა. უზენაესი სასამართლო მიესალმება იმ ფაქტს, რომ ვენეციის კომისიამ "მართლმსაჯულების ხარვეზების შემსწავლელი დროებითი სახელმწიფო კომისიის" კანონპროექტზე დასკვნაში გაითვალისწინა სასამართლოს მიერ წარმოდგენილი შენიშვნები.
ვენეციის კომისიამ მიიჩნია - "თვით ის აზრი, რომ პროცესი, რის ფარგლებშიც მასობრივად უნდა განხორციელდეს შესაძლო ხარვეზიანი საქმეების გადახედვა არასასამართლო ორგანოს მიერ, კითხვებს ბადებს ხელისუფლების დანაწილების და სასამართლო დამოუკიდებლობის კონსტიტუციით და საერთაშორისო სტანდარტებით უზრუნვეყოფილ პრინციპებთან მიმართებაში". ასევე, ვენეციის კომისია მიიჩნევს, რომ "დღევანდელი საქართველოსათვის დამახასიათებელი უაღრესად პოლარიზებული პოლიტიკური კონტექსტის და სასამართლო ხელისუფლების მცირე მასშტაბების გათვალისწინებით რთული ჩანს კანონის უზენაესობის იმპერატივების მისადაგება იმ პროცესისათვის, რომელიც გულისხმობს სისხლის სამართლის საქმეების ხელახალ გადასინჯვას".
"იმ შემთხვევაში, თუ საქართველოს მთავრობა მაინც გადაწყვეტს აღნიშნული კომისიის შექმნას, ვენეციის კომისიას აქვს რიგი შენიშვნებისა, რომელთა გათვალისწინება აუცილებელი იქნება ამ ტიპის ორგანოს ამოქმედებისათვის. უზენაესი სასამართლო მიესალმება იმ ფაქტს, რომ ვენეციის კომისიამ შენიშვნების შემუშავებისას სამართლებრივად სწორი შეფასება მისცა მართლმსაჯულების განხორციელების პროცესში სასამართლოს როლს. ვენეციის კომისია განმარტავს, რომ "მხოლოდ და მხოლოდ სასამართლო უნდა დარჩეს იმ ორგანოდ, რომელიც საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებს ხელახლა აღძრულ საქმეებთან დაკავშირებით. ნებისმიერი გადაწყვეტილება მოსარჩელეების წინააღმდეგ სისხლის სამართლის ბრალის დადგენის შესახებ, სადაც მართლმსაჯულების ხარვეზი არსებობს, სასამართლოს მიერ უნდა იქნას მიღებული. მართლმსაჯულების ხარვეზების შემსწავლელი დროებითი სახელმწიფო კომისია არ არის სასამართლო და საბოლოო გადაწყვეტილებას იღებს არა აღნიშნული კომისია, არამედ სააპელაციო სასამართლო, რომელიც საქმეს ხელახლა განიხილავს. შესაბამისად, მართლმსაჯულების ხარვეზების შემსწავლელ დროებით სახელმწიფო კომისიას არ უნდა ჰქონდეს იგივე უფლებამოსილებები, რაც სასამართლოს"", - აღნიშნულია უზენაესი სასამართლოს განცხადებაში.
სასამართლოს ცნობითვე, ასევე, ვენეციის კომისიის ექსპერტებმა მიიჩნიეს, რომ "მართლმსაჯულების ხარვეზების შემსწავლელმა დროებითმა კომისიამ კონცენტრირება უნდა მოახდინოს ინდივიდუალურ საქმეებზე და არა მართლმსაჯულების ხარვეზების სისტემურ მიზეზებზე". მათ მოუწოდეს კანონპროექტის ინიციატორებს კიდევ ერთხელ გადახედონ განსახილველ საქმეთა ვადების ლიმიტს (კანონპროექტის თანახმად კომისია მხოლოდ განიხილავს 2004 წლის 1 იანვრიდან 2012 წლის იანვრამდე არსებულ საქმეებს).
სასამართლოს ინფორმაციით, ვენეციის კომისიამ ასევე იმსჯელა "მართლმსაჯულების ხარვეზების სპეციალური პალატის" ჩამოყალიბების სამართლებრივ მხარეზე და დასკვნაში მიუთითა, რომ ამგვარი პალატის შექმნა წინააღმდეგობაში იქნება კონსტიტუციასთან, რომელიც სპეციალური სასამართლოების შექმნას კრძალავს.
ვენეციის კომისიამ რამდენიმეკვირიანი მუშაობის შედეგად, იუსტიციის სამინისტროს მიერ მომზადებულ "მართლმსაჯულების ხარვეზების შემსწავლელი დროებითი სახელმწიფო კომისიის" კანონპროექტზე საკუთარი დასკვნა 18 ივნისს წარმოადგინა.