შს მინისტრი სკანდალური განცხადების გაკეთებას გეგმავს

შს მინისტრი სკანდალური განცხადების გაკეთებას გეგმავს

სამეგრელოში აღმოჩენილ სამალავებთან დაკავშირებით საზოგადოებას დღეისთვის ძალიან სამწუხარო სიურპრიზი ელოდება, - ამის შესახებ ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის გადაცემა "პოზიციაში" საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ზვიად კვაჭანტირაძემ განაცხადა.

"მე ერთმნიშვნელოვნად არ გამოვრიცხავ, რომ ის იარაღი, რომელიც შსს-მ აღმოაჩინა, უკავშირდებოდეს ყოფილ ხელისუფლებას, რადგან ამ იარაღზე წვდომა 1 ოქტომბრამდე დღევანდელ ხელისუფლებას ნამდვილად არ ჰქონია. ამაზე და უფრო ბევრ შეკითხვაზე ხვალ ირაკლი ღარიბაშვილი საზოგადოებას გასცემს პასუხს. მე ვიცი, რაზეც იქნება საუბარი, მაგრამ ამის თქმის უფლება დღეს არ მაქვს. ეს არის შინაგან საქმეთა მინისტრის ექსკლუზიური უფლება", - განაცხადა გადაცემაში კვაჭანტირაძემ, რომელსაც უმცირესობიდან ოპონირებას გიორგი კანდელაკი და გოკა გაბაშვილი უწევდნენ.

ამასთან, როგორც საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატმა აღნიშნა, სამალვაში აღმოჩენილი ვიდეომასალის შესახებ განცხადების გაკეთების შემდეგ მერაბიშვილის მეგობრები არა თუ საკანში ტელევიზორის შეტანას მოითხოვენ, არამედ სასამართლო პროცესს დააჩქარებენ. 


კვაჭანტირაძის ინფორმაციით, ირაკლი ღარიბაშვილი დიპლომატიური კორპუსის წევრებს დღეს სწორედ ამ თემაზე ხვდება.