საქართველოს პარლამენტი ამჟამად იხილავს პროექტს „სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ“. ცვლილებების პროექტი 10 და 13 მაისს განიხილეს პარლამენტის შესაბამისმა კომიტეტებმა, ხოლო 14 მაისს უკვე პლენარულ სხდომის დღის წესრიგში იყო შეტანილი.
პროექტის განმარტებითი ბარათიდან ირკვევა, რომ პროექტის მიზანია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შეცვლა, რომელიც ითვალისწინებს ბაზარზე რეალიზაციისათვის განკუთვნილი პირუტყვის დაკვლას სასაკლაოზე, ვეტერინარული ზედამხედველობის ქვეშ. ამის სანაცვლოდ, განმარტებითი ბარათის მიხედვით, შეგვიძლია დავასკვნათ, რომ ცვლილებების პროექტის შემოთავაზებაა პირუტყვის დაკვლა ადგილებზე იყოს ნებადართული, პირუტყვის ტრანსპორტირების თავიდან ასაცილებლად.
მიგვაჩნია, რომ რეალიზაციისათვის განკუთვნილი პირუტყვის სასაკლაოზე დაკვლის ვალდებულება უკეთ უზრუნველყოფს ბაზარზე გასატანი ხორცის პროდუქტების უვნებლობის კონტროლს და იგი ამ სფეროში არსებულ მოწინავე საერთაშორისო პრაქტიკას შეესაბამება. ჩვენი ინფორმაციით, ადგილებზე, თითოეული ოჯახური მეურნეობის დონეზე კი ვეტერინარული ზედამხედველობის ეფექტიანად განხორციელება, დღეს საქართველოში არსებული ადამიანური, თუ ფინანსური რესურსებით ძალზე გართულდება, თუ საერთოდ გახდება შესაძლებელი. ეს კიდევ უფრო გაზრდის მავნე სურსათის ბაზარზე მოხვედრის საფრთხეს და შესაბამისად სურსათით გამოწვეული ჯანმრთელობის რისკებს, რაც ისედაც ძალზე მწვავე პრობლემაა, სასურსათო ბაზრის რეგულირების სისუსტის გამო.
გარდა ამისა, შეშფოთებულნი ვართ იმით, რომ ასეთ მნიშვნელოვან კანონში, ასეთი მნიშვნელოვანი ცვლილებები შედის შეზღუდულ ვადებში, ფართო საზოგადოებრივი განხილვის გარეშე, ისე, რომ სურსათის უვნებლობის საკითხებზე მომუშავე საზოგადოებრივ ორგანიზაციებს არ გვეძლევა საშუალება საკითხის განხილვაში სათანადოდ ჩავერთოთ.
ამავე დროს, ჩვენი შეფასებით, ცვლილებების პროექტი არ ქმნის საკანონმდებლო საფუძვლებს, რომლებიც უზრუნველყოფს მის განმარტებით ბარათში დასახული პრობლემის მოგვარებას, ანუ სარეალიზაციოდ განკუთვნილი პირუტყვის დაკვლის დაშვებას სასაკლაოს გარეთ. შესაბამისად, არსებობს დიდი რისკი იმისა, რომ ამ ცვლილებების მიღება გამოიწვევს დიდ გაუგებრობას სახელმწიფო სტრუქტურებსა და ხორცის მწარმოებლებს შორის ურთიერთობებში.
ამასთანავე, როგორც ცნობილია, სოფლის მეურნეობის სამინისტრო გასული წლის ბოლოდან მუშაობს „სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსში“ ფუნდამენტური ცვლილებების შეტანის პროექტზე, რომელიც, სამინისტროს ინფორმაციით, უახლოეს თვეებში უნდა წარედგინოს პარლამენტს განსახილველად. შესაბამისად, ვთვლით რომ სურსათის უვნებლობასთან დაკავშირებული ყველა საკითხი კომპლექსურად უნდა იქნას განხილული, უნდა შემუშავდეს ერთიანი ხედვა ამ საკითხის რეგულირების თაობაზე და მანამდე ცალკეული ცვლილებების მიღება მეტად საფრთხილოა, ვინაიდან ამან შესაძლოა მხოლოდ დააზარალოს მთელი ეს პროცესი.
აქედან გამომდინარე, მოვუწოდებთ საქართველოს პარლამენტს, რომ ღრმად და ყოველმხრივ შეისწავლოს ეს საკითხი, ყველა დაინტერესებულ საზოგადოებრივ ორგანიზაციასა, თუ სპეციალისტთა ჯგუფს მისცეს საშუალება საკუთარი მოსაზრებები დააფიქსირონ ცვლილებების პროექტთან დაკავშირებით და მხოლოდ ამის შემდეგ მიიღოს გადაწყვეტილება ღირს თუ არა სურსათის უვნებლობის მარეგულირებელი კანონმდებლობის შემოთავაზებული სახით შეცვლა.
ასოციაცია „ქალი და ბიზნესი“
ევრაზიის თანამშრომლობის ფონდი
კავშირი 21-ე საუკუნე
საზოგადოებრივი ორგანიზაცია „გარემო, რისკი და მოქალაქეთა უფლებები“
საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი
საქართველოს ჩაის მწარმოებელთა ასოციაცია