პროფესიული განათლების პროფკავშირის თავმჯდომარე დენის დავითაშვილი ა/წ 16 ივნისს განცხადებით მიმართა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს ბატონ დავით უსუფაშვილს და განათლებისა და მეცნიერების მინისტრს ბატონ გიორგი მარგველაშვილს, რომელშიც აღნიშნავს იმ კონკრეტულ ხარვეზებზე, რომლებიც გააჩნია კანონპროექტს “პროფესიული განათ-ლების შესახებ” ცვლილებების თაობაზე”.
განცხადებაში აღნიშნულია, რომ ნაჩქარევია და ფინანსურად გაუთვლელია ის ცვლილება, რომელიც შეეხება წელს სექტემბრიდან პროფესიულ კოლეჯებში ერთიანი ეროვნული პროფესიული გამოცდების შემოღებას. კანონპროექტის ავტორების განმარტებით, რომელიც გაჟღერდა საკომიტეტო მოსმენის დროს. შემოღებული იქნება მსურველთა ელექტრონული რეგისტრაცია, შემდეგ კი ყველა მსურველს მოუწევს გამოცდების ჩაბარებისთვის თბილისში ჩამოსვლა თავისივე ხარჯებით და, მიუხედავად იმისა, ჩააბარებენ თუ არა გამოცდას (ტესტებს), ყველა მაინც ჩაირიცხება პროფესიულ კოლეჯებში შერჩეული სპეციალობის მიხედვით. გამოცდები არ ტარდება მსოფლიოს არცერთ ქვეყანაში და საერთოდ გაუგებარია მისი დანიშნულება და აუცილებლობა.
გაუგებრობას იწვევს აგრეთვე ის მუხლი, რომელიც შეეხება პროფესიული კოლეჯების დაფინანსების ახალ მოდელს, ვინაიდან კანონპროექტის მიხედვით სახელმწიფო იღებს ვალდებულებას მომავალში დააფინანსოს არა მარტო საბიუჯეტო კოლეჯები, არამედ სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული კერძო კოლე¬ჯები და ყველა ის უმაღლესი სასწავლებელი, რომლებიც ახორციელებენ პრო¬ფე¬სიულ პროგრამებს. გასაკვირია, რომ საიდან უნდა დააფინანსოს სამინისტრომ გაზრდილი ვალდებულებები პროფესიული განათლების საჭიროებისთვის.
დენის დავითაშვილი მიმართავს თხოვნით განათლებისა და მეცნიერების მინისტრს, ბატონ გიორგი მარგველაშვილს, პირადად შეხვდეს პროფესიული კოლეჯების წარმომადგენლებს და მათთან ერთად შეჯერდეს კანონპროექტით გათვალისწინებული ხსენებული და ის მუხლიც, რომლითაც გათვალისწინებულია ავტორიზაციის ახალი ვადის განსაზღვრა და ეს ვადა უნდა დაწესდეს 2015 წლის 1 სექტემბრამდე და ამ ნორმის მოქმედება გარდა არსებული სახელმწიფო და კერძო კოლეჯებისა, უნდა გავრცელდეს აგრეთვე იმ კოლეჯებზე, რომლებიც დაფუძნებული იქნებიან 2013 და 2014 წლებში.
საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტმა კი მინისტრის მიერ ჩასატარებელი შეხვედრის შედეგების გათვალისწინებით შეიტანოს პლენარულ სხდომაზე მე-2 და მე-3 მოსმენაზე განსახილველად პროფესიულ კოლეჯებთან, სოციალურ პარტნიორებთან და დარგის ექსპერტებთან შეთანხმებული კანონპროექტის შეჯერებული ვარიანტი.
დენის დავითაშვილის განცხადებით ახალი კოლეჯების დაფუძნებაში დაინტერესებულნი არიან 25 ქალაქის და რაიონის მაჟორიტარი დეპუტატები, საკრებულოების თავმჯდომარეები, გამგებლები, შესაბამისი დამსაქმებლები, ახალგაზრდები და 2010-2012 წლებში კანონდარღვევით ლიკვიდირებული კოლეჯების უმუშევრად დარჩენილი პედაგოგები, რომლებიც ელოდებიან განათლების მინისტრის გიორგი მარგველაშვილის მიერ მიღებულ სამართლიან გადაწყვეტილებას კოლეჯების ახლად დაფუძნებაზე.