ირაკლი ალასანია:

ირაკლი ალასანია: "ნიუ-იორკ თაიმსში" დაბეჭდილი "ამორალური სტატია" საქართველოზე მიზანმიმართულ საინფორმაციო იერიშს ჰგავს

საქართველოს თავდაცვის მინისტრი, ირაკლი ალასანია "თალიბანის" სახელით გავრცელებულ ვიდეოსა და გამოცემა "ნიუ – იორკ თაიმსში" ქართველი ჯარისკაცების შესახებ დაბეჭდილ სტატიას "ერთიანი საინფორმაციო იერიშის ჩანაფიქრად" აღიქვამს.

როგორც ირაკლი ალასანიამ გაზეთ "კვირის პალიტრისთვის" მიცემულ ინტერვიუში აღნიშნა, გამოძიება დაადგენს ფირის წარმომავლობასა და მისი კავშირის შესაძლებლობას ავღანეთში ქართულ ბაზაზე თავდასხმასთან. მინისტრის შეფასებით, გავრცელებული ვიდეო რგოლი და "ნიუ-იორკ თაიმსში" დაბეჭდილი "ამორალური სტატია", ჰგავს მიზანმიმართულ საინფორმაციო იერიშს საქართველოზე და ქვეყნის ევროატლანტიკურ არჩევანზე.

"გამოძიება დაადგენს ამ ფირის წარმომავლობას და იმას, კავშირშია თუ არა ის ქართულ ბაზაზე თავდასხმასთან. ერთი რამ შემიძლია გითხრათ: აუცილებელია ამის ჩამდენის დაკავება და უმკაცრესად დასჯა. ერთიანი საინფორმაციო იერიშის ჩანაფიქრად აღვიქვამ როგორც ამ ვიდეორგოლს, ისე უბინძურეს და ამორალურ სტატიას, რომელიც "ნიუ-იორკ თაიმსში" დაიბეჭდა ავღანეთში მყოფ ჩვენს ჯარისკაცებზე. ეს ჰგავს მიზანმიმართულ საინფორმაციო იერიშს საქართველოზე, ჩვენს ევროატლანტიკურ არჩევანზე და მის დისკრედიტაციაზე", - განაცხადა ირაკლი ალასანიამ.

მისივე თქმით, ვინც ამას აკეთებს, მას ხელი მიუწვდება იმაზე, რომ ასეთი ვიდეოფირი საქართველოში აიტვირთოს და შეაცდინოს ისეთი ავტორიტეტული გამოცემა, როგორიც "ნიუ-იორკ თაიმსია".

"შემდეგ შეცვალეს სტატია და აშშ-ში ჩვენი ელჩის პასუხიც გამოაქვეყნეს, მაგრამ ტყუილი ხომ გავრცელდა", - განაცხადა ირაკლი ალასანიამ და გამოქვეყნებული სტატიის საპასუხოდ დასძინა, რომ ქართველი ჯარისკაცები ავღანელებს ეხმარებიან და ბავშვებს ეკონტაქტებიან.