დენის დავითაშვილი:   დადებითი მოვლენაა, რომ საქართველოს პარლამენტმა 11 ივნისიდან დაიწყო “პროფესიული განათლების შესახებ” კანონში ცვლილებების განხილვა.

დენის დავითაშვილი: დადებითი მოვლენაა, რომ საქართველოს პარლამენტმა 11 ივნისიდან დაიწყო “პროფესიული განათლების შესახებ” კანონში ცვლილებების განხილვა.

პროფესიული განათლების პროფკავშირის თავმჯდომარე დენის დავითაშვილის განცხადებით დადებითი მოვლენაა, რომ საქართველოს პარლამენტმა 11 ივნისიდან დაიწყო “პროფესიული განათლების შესახებ” კანონში ცვლილებების განხილვა.

მისასალმებელია, რომ მთავრობა უარს ამბობს პროფესიული სტუდენტების ვაუჩერულ დაფინანსებაზე და კანონპროექტის შესაბამისად პროფესიული განათლების პროგრამული დაფინანსების რაოდენობას დაადგენს მთავრობა. აგრეთვე მისასალმებელია ის, რომ ყოველგვარი შეზღუდვების გარეშე მსურველები ჩაირიცხებიან მე-3 საფეხურის შემდეგ მე-4 და მე-5 საფეხურზე ზოგადი უნარების ჩაბარების გარეშე.

ამავე დროს პროფესიული კავშირი და მასში გაერთიანებული კოლეჯების პედაგოგიური კოლექტივები არ ეთანხმებიან კანონპროექტით გათვალის¬წინებული ერთიანი ეროვნული პროფესიული გამოცდების ჩატარების შემოღებას.

ასეთი შემზღუდველი ნორმა არ მოქმედებს მსოფლიოს არცერთ ქვეყანაში, მისი შემოღება არ ყოფილა შეჯერებული არცერთ პროფესიულ კოლეჯთან, საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან და ბადებს უამრავ შეკითხვას.

ელექტრონული საშუალებით რეგისტრაციის წარმოება გამოცდების ეროვნულ ცენტრში არარეალურია, რადგანაც საქართველოს რეგიონებში, სოფლებსა და ბევრ დასახლებულ პუნქტში ახალგაზრდებს 9 კლასის დასრულების შემდეგ არ გააჩნიათ არანაირი საშუალება ელექტრონული დარეგისტრირებისათვის, რის გამოც ვერ განახორციელებენ თავიანთ სურვილს შეიძინონ რომელიმე სასურველი პროფესია.

აგრეთვე გაკვირვებას იწვევს ავტორების განმარტება, რომ, მიუხედავად იმისა, ჩააბარებს თუ არა მსურველი გამოცდებს (ტესტებს), ის მაინც ჩაირიცხება პროფესიულ კოლეჯში.
ამ შემთხვევაში რა საჭიროა საკმაოდ დიდი საბიუჯეტო თანხების ხარჯვა ხსენებული გამოცდების ორგანიზება-ჩატარებისთვის, თუ მის შედეგს არანაირი მნიშვნელობა არა ექნება?

კანონპროექტით გათვალისწინებულია აგრეთვე ავტორიზაციის ახალი ვადის განსაზღვრა. ჩვენი აზრით, ეს ვადა უნდა შეესაბამებოდეს რეალურ ვითარებას და უნდა იყოს 2015 წლის 1 სექტემბრამდე და არა 2014 წლის 1 სექტემბრამდე. გაუგებარია აქამდე იმ პროფესიული კოლეჯების ბედი, რომლებიც ლიკვიდირებულნი იყვნენ 2010-2012 წლებში და სამინისტროს მიერ შექმნილი კომისიის რეკომენდაციის საფუძველზე ახლად უნდა დაფუძდნენ.

დენის დავითაშვილი გამოთქვამს იმედს, რომ განათლებისა და მეცნიერების კომიტეტი 13 ივნისს საკომიტეტო სხდომაზე მეორე მოსმენისას გაითვა¬ლისწინებს პროფკავშირის და პროფესიული კოლეჯების შენიშვნებს, რაც საწინდარი იქნება იმის, რომ კითხვის ნიშნის ქვეშ არ დადგეს 2013 წელს კოლეჯებში მისაღები კონტინგენტის მოზიდვა, აგრეთვე 2013 და 2014 წლებში ფუნქციონირებას დაიწყებენ წინა წლებში ლიკვიდირებული კოლეჯები.