პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე თედო ჯაფარიძე "New York Times"-ს ღია წერილით მიმართავს.
"5 ივნისს, New York Times-მა გამოაქვეყნა სტატია სათაურით "თალიბანის დარტყმამ ავღანეთში 7 ქართველი ჯარისკაცი იმსხვერპლა." სათაურის მიუხედავად, თავად სტატია ამ ტრაგიკული მოვლენების თანმდევ გარემოებებზე თითქმის არ საუბრობს. ის უმეტესად ფოკუსირებულია ავღანეთში საქართველოს მისიის ნაკლოვანებების ანალიზზე. მე რომ მომცემოდა შანსი ამ სტატიაზე პირდაპირი პასუხი გამეცა "New York Times"-ის ფურცლებზე, ის ნამდვილად ამ სახის იქნებოდა:
“ბატონო რედაქტორო, თქვენ მიერ გამოქვეყნებული სტატია ავღანეთის სამხედრო ოპერაციებში საქართველოს კონტრიბუციის შესახებ ჩემთვის, როგორც სტილისტური ისე შინაარსობრივი თვალსაზრისით, ღრმად შემაშფოთებელი აღმოჩნდა. პირველ რიგში სტილთან დაკავშირებით - ჩემს გაოცებას იწვევს ის ფაქტი, რომ განსხვავებით სხვა ქვეყნების (მათ შორის აშშ-ის) სამხედრო ძალების დანაკარგის გაშუქებისგან, აღნიშნული შეტაკების მსხვერპლებმა ორმაგი ვიქტიმიზაცია განიცადეს, რადგან ისინი წარმოჩენილნი არიან როგორც მძარცველი ბარბაროსები, რომლებიც "არ უთმობენ სათანადო დროს ადგილობრივ მოსახლეობასთან ურთიერთობას". ქურდობისა და არასათანადო ქცევის შესახებ ბრალდებები, რა თქმა უნდა, პირდაპირ არაა დაკავშირებული დაღუპულ ჯარისკაცებთან. წინააღმდეგ შემთხვევაში ეს მოითხოვდა რეალური გამოძიების წარმართვასა და ფაქტების დადგენას. პირიქით, მიჩნეულია რომ რადგან ისინი ქართველები არიან, მათ აუცილებლად ექნებოდათ ის უარყოფითი მხარეები, რაც მტკიცების თანახმად, "ქართველებს" აქვთ, ხოლო ჩირქი კი, რომელიც ამ "ეგზოტიკური ჯარების" სახელს მოსცხეს, შესაძლოა, განხილულ იქნეს, როგორც თანმდევი ზიანი.
რა თქმა უნდა, გარკვეული მინიშნება გაკეთებულია იმაზეც, რომ ქართული ჯარები "გამოიყენება" ადგილობრივებისათვის გზების ღიად და უსაფრთხოდ შესანარჩუნებლად, მაგრამ თითქმის არაფერია ნათქვამი მათი არყოფნის შემთხვევაში გაღებულ შესაძლებლობით ხარჯებზე ან იმ რისკზე, რაც თან სდევს ამ მეტად საპასუხისმგებლო მისიაში მონაწილეობას. "ეგზოტიკური ჯარისკაცების" საბრძოლო გამოცდილებამ, საცხოვრებელმა პირობებმა, მორალმა, მათი ოჯახის წევრებმა თუ მათზე დამოკიდებულმა პირებმა სტატიაში მხოლოდ მცირეოდენი ყურადღება თუ დაიმსახურეს. ჩანს იმისი ინტერესიც არ ყოფილა, რომ საქართველოდან გაკეთებული კომენტარებით მაინც შექმნილიყო საზოგადოებრივი აზრი. მთელი სტატიის განმავლობაში ერთ ნააზრევსაც კი ვერ ვხვდებით ვინმესგან, ვისი გვარიც სრულდება "ძე"-სა ან "შვილ"-ზე. ჯარისკაცები უსახელონი არიან, ისინი საიდანღაც მოვიდნენ, არაფერი განსაკუთრებული საფრთხე არ განუცდიათ, ლაპარაკობენ რაღაც "რუსულის მსგავს" ენაზე ანუ ინგლისურადაც კი არ შეუძლიათ საუბარი (!), სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ "მათ ეს დაიმსახურეს". ამ სქემის მიხედვით გამოდის, რომ ეგზოტიკური ხალხი ხოცავს სხვა ეგზოტიკურ ხალხს New York Times-ის მორალური ძალაუფლების ქვეშ.
ქართველი ჯარისკაცები მიჩნეულნი არიან როგორც უფრო ნაკლები ღირსების მქონენი, ვიდრე ვაჭრები, მიუხედავად იმისა, რომ ისინი არიან უნიფორმიანი მამაკაცები, რომლებიც "ეგზოტიკური დროშის" ქვეშ იბრძვიან და სხვათა შორის, New York Times-ის სარედაქციო გუნდის გასაკვირად, თავიანთი სახლიდან ძალიან შორსაც. მთლიანობაში, სტატიაში განვითარებული მოსაზრებები არის არაადამიანური და ინფანტილური შეხედულება, რომელიც მიმართულია არა მარტო ჯარისკაცებზე, როგორც ასეთზე, არამედ ზოგადად მთელ საქართველოზე. ის ფაქტი, რომ საქართველო არის ყველაზე პატარა ქვეყანა, რომლის მთლიანი შიდა პროდუქტი აშშ-ის ნებისმიერი ქალაქის წლიურ ბიუჯეტს უტოლდება და რომელიც ნატო-ს არაწევრ ქვეყნებს შორის არის ყველაზე დიდი სამხედრო წვლილის შემტანი ISAF-ის მისიაში, მოკლედ არის აღნიშნული, მაგრამ ნაკლებად არის "შეფასებული". ავტორებს არ აუსახავთ თუ რას შეიძლება, გრძნობდეს ამ სიდიდის და შესაძლებლობების ქვეყანა, რომლის ტერიტორიებიც ოკუპირებულია და ჰყავს ათასობით ლტოლვილი, როდესაც მისი სამხედროები იღუპებიან ბრძოლაში, რომელიც მათი სამშლობლოდან შორს მიმდინარეობს.
გარდა ამისა, შინაარსთან დაკავშირებით - სტატია ნაკლებად ინფორმაციულია. დანაკარგის ერთადერთ მიზეზად დასახელებულია "უგუნურობა" და ადგილობრივი მოსახლეობის მხრიდან მტრული განწყობა. მიუხედავად ამისა, მართალია სიკვდილი სასიამოვნო საგაზეთო პუბლიკაციებს აჩენს, მაგრამ როგორც წესი, რედაქცია მხარში დგომას გამოხატავს ხოლმე, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც დაღუპული სამხედროები უცხოელები არიან. ვერსად ვხვდებით ქართული არმიის პრეს-ოფიცრის ერთ კომენტარსაც კი, მისიის შესახებ მოკლე ისტორიას ან ზოგადად ამ ანტიტერორისტული კამპანიის ფართო კონტექსტის გაანალიზებას, მითუმეტეს მაშინ, როდესაც სხვა სამხედრო ძალები მასიურად ტოვებენ რეგიონს. ამ სტატიის ავტორებისადმი მექნება შეკითხვა - მსგავსი წერილი იქნებოდა თუ არა მისაღები, თუკი დაღუპული ჯარისკაცები ამერიკის ან ნატო-ს წევრი ქვეყნების სამხედროები იქნებოდნენ. პასუხი აშკარაა, შეკითხვა კი - ნამდვილად ლეგიტიმური.
ვინაიდან ეს ჩემი წერილი არასოდეს მოხვდება New York Times-ის ფურცლებზე, ვსარგებლობ ამ შესაძლებლობით და მსურს გამოვხატო ჩემი ღრმა თანაგრძნობა მისიის შესრულებისას დაღუპული პირების მისამართით და დაფასება იმ სამსახურისათვის, რომელიც მათ გასწიეს. საქართველომ იმაზე უფრო მეტი გაიღო, ვიდრე საერთაშორისო ვალდებულებებში მისი წილი იყო, მან საკუთარ თავზე იმაზე მეტი ტვრითი აიღო, ვიდრე ნატო-ს წევრმა ზოგიერთმა ქვეყანამ. ჩვენ ამას სიამაყით ვაკეთებდით. მოკავშირეებისადმი საქართველოს ერთგულებას ადასტურებს კონკრეტული გაღებული მსხვერპლი და არა აბსტრაქტული პრინციპები. ჩანაწერისათვის აუცილებელია აღინიშნოს რომ, ადამიანებს რომლებიც დაიღუპნენ, ერქვათ შემდეგი სახელები: პირველი კლასის რიგითი ზვიად სულხანიშვილი 22 წლის, კაპრალი გიორგი ადამოვი 23 წლის, პირველი კლასის რიგითი გიორგი ღუჭაშვილი 21 წლის, კაპრალი ბორის წუგოშვილი 29 წლის, პირველი კლასის რიგითი ზურაბ გურგენაშვილი 32 წლის, თეიმურაზ ორთავიძე 25 წლის, რიგითი მიხეილ ნარინდოშვილი 26 წლის. მთლიანობაში, ავღანეთში დაღუპულ ქართველ ჯარისკაცთა რიცხვი 29-ს აღწევს, ხოლო სხვადასხვა შეტაკებების დროს დაჭრილთა რაოდენობა კი 120-ზე მეტია.
რადგანაც ავღანეთის მისია ისედაც სრულდება, ჩვენ ახლა უნდა შევიმუშავოთ ჯარების გამოყვანის საკუთარი განრიგი და გაწვრთნილ და ენობრივად კომპეტენტურ ავღანურ ჯარს გადავაბაროთ საკმაოდ სარისკო საქმე - გზების უსაფრთხოდ შენარჩუნება. ჩვენ ჩვენი წილი სამსახური უკვე გავაკეთეთ და მომავალშიც გავაკეთებთ ამას, თუ საჭირო იქნება. როდესაც ჩვენი სამხედროები შინ დაბრუნდებიან, მათ პატივითა და აღიარებით მიიღებენ იმ სამსახურისთვის, რაც მათ გასწიეს", - ნათქვამია თედო ჯაფარიძის ღია წერილში - "New York Times ადვილ სამიზნეს არჩევს", რომელიც "Democracy and Freedom Watch"-ში გამოქვეყნდა.