პირველი საქველმოქმედო კონცერტი ფონდისგან რუსთაველის აკადემიურ თეატრში ფონდმა „ქართული გალობა“ პირველი გრანდიოზული კონცერტი „ქართული ხალხური სიმღერა - კაცობრიობის საგანძური“ გამართა.
საზეიმო ღონისძიებაზე, ქართულ კულტურაში შეტანილი განსაკუთრებული ღვაწლისათვის სხვადასხვა დარგის ხელოვნების გამორჩეული მოღვაწეები და ოსტატები სხვადასხვა ნომინაციებში დაჯილდოვდნენ. ფონდის მიერ დაწესებული წოდება და ჯილდო გადაეცათ ფრიდონ სულაბერიძეს (საუკუნის მოცეკვავე), გური სიხარულიძეს (ქართული ხალხური სიმღერის მოამაგე), ტრისტან სიხარულიძეს, ისლამ (ეფთიმე) ფილფანის, პოლიკარპე ხუბულავას, ანდრო სიმაშვილს, როსტომ გოგოლაძეს, მიხეილ კილოსანიძეს, (ქართული ხალხური სიმღერის მოამაგე), რობერტ გოგოლაშვილს, ჯემალ ჭკუასელს, (ღვაწლმოსილი ლოტბარი), თემუ ქევხიშვილს (საუკუნის ხმა), ქედას ხალხური სიმღერის ანსამბლ „ელასას“ (ახალი თაობა), ანზორ ერქომაიშვილს (საუკუნის მოამაგე).
ღონისძიებაზე მოწვეულნი იყვნენ ყველაზე ღირსეული შემსრულებლები ქართული ხალხური სიმღერებისა. მათ შორის, თბილისის სამების საკათედრო ტაძრის საპატრიარქო გუნდი, ანსამბლები „რუსთავი“, „სახიობა“, „დიდგორი“, „შავნაბადა“, „იმერი“, „ბასიანი“, „ელესა“, ბავშვთა გაერთიანებული გუნდი და სხვა. მაყურებელთა შეფასებით, ეს იყო ერთ-ერთ საუკეთესო კონცერტი, რაც კი ჩატარებულა საქართველოში ბოლოწლების განმავლობაში.
ფონდი „ქართული გალობა“ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორის ლოცვა-კურთხევით, ბიზნესმენმა ვანო ჩხარტიშვილმა დააფუძნა, რომელიც ხელს უწყობს ტრადიციული გალობისა და სიმღერის პოპულარიზაციას. ფონდის საქმიანობით ხელი შეეწყობა ეროვნული იდენტობის გამსაზღვრელ და ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საგანძურის, ტრადიციული სიმღერისა და გალობის განვითარება-პოპულარიზაციას.
ფონდის მიზანია ხალხური შემოქმედების ხელშეწყობა და ტრადიციული ქართული სიმღერისა და გალობის პოპულარიზაცია. ფონდის საქმიანობაში მნიშვნელოვან ადგილს დაიკავებს ტრადიციული გალობისა და სიმღერის მეცნიერული კვლევა, უძველესი ნიმუშებისა და ჩანაწერების მოძიება-აღდგენა, შესაბამისი აუდიო, ვიდეო და ელექტრონული ვერსიების გამოცემა. ფონდი ხელს შეუწყობს ტრადიციული მუსიკის შესწავლას, სამეცნიერო კვლევებს ამ მიმართულებით და ნაშრომთა გამოცემას, კონფერენციების, სემინარების და სხვა სამუშაო შეხვედრების გამართვას. დიდი ყურადღება დაეთმობა ტრადიციული მუსიკის სწავლებას, ლოტბართა და რეგენტთა დასაქმებისათვის ხელშეწყობას, განსაკუთრებით სამრევლო სკოლებისა და გალობის ცენტრების შექმნას საზღვარგარეთის ქართულ ეკლესიებთან.ქართული ხალხური სიმღერისა და გალობის პოპულარიზაციისათვის ფონდი საქართველოსა და უცხოეთში კონცერტების, საღამოებისა და ფესტივალების ორგანიზებას შეუწყობს ხელს. ასევე მართლმადიდებელი სამყაროს ტრადიციული გალობის და ფოლკლორის საერთაშორისო ფესტივალებში ქართული გუნდების მონაწილეობას და ანალოგიური ფესტივალების გამართვას საქართველოში.ფონდის საქმიანობაში პრიორიტეტული იქნება რეგიონებში ტრადიციული მუსიკის აღორძინებისათვის ხელშეწყობა. ფონდი ითანამშრომლებს ტრადიციული მუსიკით დაინტერესებულ ყველა ორგანიზაციასთან და პირთან როგორც საქართველოში, ისე მის ფარგლებს გარეთ.