ბიძინა ივანიშვილი:    საქართველო ბავშვთა უფლებების თვალსაზრისით დიდი გამოწვევის წინაშე დგას

ბიძინა ივანიშვილი: საქართველო ბავშვთა უფლებების თვალსაზრისით დიდი გამოწვევის წინაშე დგას

საქართველო ბავშვთა უფლებების თვალსაზრისით დიდი გამოწვევის წინაშე დგას, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა იუნისეფის მიერ ორგანიზებულ კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. 

როგორც პრემიერმა აღნიშნა, დღევანდელი კონფერენციის მიზანია მსჯელობა ბავშვთა უფლებებზე ზრუნვის შესახებ, რადგან კაცობრიობას ამის გარეშე მომავალი არ აქვს.

"ინვესტირება მომავალში – ასეთია დღევანდელი კონეფრენციის თემა. გვესმის, რომ ქვეყანაში ყველა ბავშვს უნდა ჰქონდეს გადარჩენისა და განვითარების შესაძლებობა, გვინდა საქართველოს ჰყავდეს ჯანმრთელი და განათლებული თაობა, ამისთვის ზრუნვა ახლავე უნდა დავიწყოთ, რომ მომავალში ახალი თაობა რომ წამოიზრდება სიამაყით შეგვეძლოს იმის თქმა, რომ ჩვენ ვართ ხალხი, ვინც ინვესტიცია ჩადო ქვეყნის მომავალში", - აღნიშნა პრემიერმა.

ბიძინა ივანიშვილის თქმით, ერთ დღეში ვითარების შეცვლას ვერავინ შეძლებს, მაგრამ ზრუნვა მომავალზე დღესვე უნდა დაიწყოს. პრემიერის თქმით, საქართველოს მთავრობის სურვილია ყველა ბავშვი იყოს წარმატებული იმის მიუხედავად როგორი მატერიალური შესაძლებლობები აქვთ მათ ოჯახებს.

"ბავშვთა სიღატაკე მომავალში ზრდასრულთა სიღატაკის ძირითადი მიზეზი ხდება. ყველა ბავშვს უნდა მივცეთ თანაბარი შესაძლებობები, ჩვენ ამის მორალური ვალდებულება გვაკისრია. ბავშვთა უფლებების თვალსაზრისით, საქართველო დიდი გამოწვევის წინაშე დგას. ყოველი მეოთხე ბავშვი სიღარიბეში იზრდება, 77 000 ბავშვი – სიღაკატეში, ყოველ 1 000 ახალშობილზე 16 იღუპება, ეს ძალიან საგანგაშო ციფრებია. ჩვენმა მთავრობამ მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგა ქვეყანაში სოციალური მდგომარეობის გასაუმჯობესებლად და ბიუჯეტი მთლიანად ორიენტირებულია სოციალური დაცვის პოლიტიკაზე", - აღნიშნა პრემიერმა.

ბიძინა ივანიშვილის თქმით, საქართველოს მთავრობა იღებს პასუხისმგებლობას შექმნას სათანადო მექანიზმი კონფერენციის გადაწყვეტილებების ცხოვრებაში გასატარებლად და ბავშვთა უფლებების გასაუმჯობესებლად ქვეყანაში.