37 სართულანი, 201 მეტრის სიმაღლის ბათუმის ტექნოლოგიური უნივერსიტეტი, რომელიც პრეზიდენტის ინიციატივით აშენდა, უფუნქციო შენობად იქცა და მისი უნივერსიტეტად გამოყენება შეუძლებელია _ ამ თემაზე ჟურნალისტური გამოძიება “მეცხრე არხმა” ჩაატარა.
თავიდან მშენებლები ბიზნეს ცენტრს აშენებდნენ. უკვე მიმდინარე მშენებლობის დროს მათ მოულოდნელად შეიტყვეს, რომ სააკაშვილის კაპრიზის გამო, არქიტექტურა უნივერსიტეტისთვის უნდა მოერგოთ. მშენებელი კომპანია “ზიმოს” გენერალური დირექტორი ზურაბ კიკნაძე აცხადებს, რომ შენობისთვის დანიშნულების შეცვლის შემდეგ მათ დაგეგმარება იმ მენეჯმენტთან ერთად უნდა დაეწყოთ, ვინც შემდგომში უნივერსიტეტს ჩაიბარებდა, მაგრამ მხოლოდ სამი სართულის დაგეგმარება მოხერხდა. დანარჩენი შენობა, უბრალოდ ვერ გაიგეს, როგორ შეიძლებოდა სტუდენტებზე მორგებულიყო.
ეს შენობა სააკაშვილისვე განცხადებით ქართულ ამერიკულ უნივერსიტეტს უნდა გადასცემოდა. როგორც ჟურნალისტური გამოძიებით ირკვევა, სააკაშვილის ხელისუფლებამ ვერ იპოვა უნივერსიტეტი, რომელიც ამ შენობის მენეჯმენტს საკუთარ თავზე აიღებდა.
გარდა ამისა, სააკაშვილისვე ინიციატივით “ბათუმი თაუერის” საძირკველის რამდენიმე სართულზე ძვირადღირებული რამდენიმე ლაბორატორია გაკეთდა, რომელიც ამ დროისთვის ფაქტობრივად მწყობრიდანაა გამოსული, რადგან ლაბორატორიისთვის საჭირო პირობების შესანარჩუნებლად ელექტროენერგიაა საჭირო, რომელიც ახალ შენობას დავალიანების გამო არ მიეწოდება.
გადაცემაში პროფესიონალი არქიტექტორები და განათლების ექსპერტები აცხადებენ, რომ შენობას ვერც ერთ შემთხვევაში ვერ გამოიყენებენ სტუდენტები, რადგან მშენებლებმა ვერ მოახერხეს შენობის სტუდენტებზე მორგება და ის მაინც თავდაპირველი სახით, ბიზნესცენტრის პრინციპით აშენდა.
შენობის დასრულებას, რომელიც ხარჯთაღრიცხვის თანახმად ამ დრომდე 78 მილიონ 486 ათასი ლარი დაჯდა, კიდევ 5 მილიონი ლარი სჭირდება.