ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ სარეფერენდუმო საინიციატივო ჯგუფს (შემადგენლობით: იაგო წიკლაური, გელა მესტიაშვილი, იანა ხუციშვილი) რეგისტრაცია გაუუქმა. ასევე გაუქმდა ჯგუფის მიერ სარეფერენდუმოდ შემოთავაზებული საკითხი - ”თანახმა ხართ თუ არა, რომ საქართველოს პრეზიდენტი აირჩიოს საქართველოს პარლამენტმა?”
ზემოაღნიშნული ჯგუფი და მათ მიერ წარმოდგენილი სარეფერენდუმო საკითხი საარჩევნო ადმინისტრაციამ 2013 წლის 26 თებერვალს გაატარა რეგისტრაციაში, ვინაიდან მათ მიერ წარმოდგენილი საკითხი ჩამოყალიბებული იყო მკაფიოდ და კონკრეტულად და არ ეწინააღმდეგებოდა საარჩევნო კანონდებლობას. რეგისტრაციის შემდეგ საინიციატივო ჯგუფს, კანონით დადგენილი ვადისა და პროცედურის დაცვით, ცესკოში ამომრჩეველთა არანაკლებ 200,000 ხელმოწერა უნდა წარმოედგინა.
საინიციატივო ჯგუფისთვის რეგისტრაციის გაუქმების მიზეზი გახდა, ის, რომ მან არ შეასრულა საარჩევნო კოდექსით და რეფერენდუმის შესახებ ორგანული კანონით გაწერილი ნორმები; კერძოდ, ჯგუფმა კანონით დადგენილ ვადამდე, მიმდინარე წლის 26 მაისამდე, ვერ წარმოადგინა მოქალაქეთა ხელმოწერები.