"რუსეთის გადმოწეული საზღვრები ქართველების გაბრაზებას იწვევს", - ამ სათაურით აქვეყნებს ტელეკომპანია "ალ-ჯაზირა" ნივ ბარკერის სიუჟეტს საქართველოზე.
როგორც სიუჟეტის ავტორი აღნიშნავს, არ არის გამორიცხული, მავთულხლართების გაბმამ დაძაბულობა გაზარდოს ტერიტორიაზე, რომელიც ჯერაც კონფლიქტის ზონად ითვლება.
"დემარკაციის ხაზს იქით მოყვა ადგილობრივების ხეხილის ბაღები, სადაც ახლა რუსი ჯარისკაცები დგანან და უფლებას არ აძლევენ ბაღის პატრონებს მოსავალი აიღონ", - აღნიშნავს ნივ ბარკერი და ადგილობრივი მოსახლის, დიმიტრი გუგუტიშვილის სიტყვები მოჰყავს, რომელიც აცხადებს, ეს ბაღები მისი და მისი ოჯახის შემოსავლის ერთადერთი წყარო იყო.
სიუჟეტში ასევე ნათქვამია, რომ საქართველო ყველა თავის დასავლელ მოკავშირეს აფრთხილებს მომხდარის შესახებ და უცხოელი დამკვირვებლები მოიწვია, რათა მათ საკუთარი თვალით იხილონ "მცოცავი ანექსია".
"რუსეთი კი აცხადებს, რომ ღობე კანონიერად გადმოწია, რადგან მოსკოვმა ადმინისტრაციული კონტროლი დაამყარა ე.წ. სამხრეთ ოსეთზე 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ. მოსკოვი ამ რეგიონს ახალ ქვეყანად აღიარებს, თუმცა ამას მხოლოდ რუსეთის მოკავშირეები უჭერენ მხარს. საქართველოსთვის კი ეს რეგიონი ისევ მისი ტერიტორიაა და გადმოწეული მავთულხლართები ოკუპაციის ხაზია", - აღნიშნავს ნივ ბარკერი.