"ჩვენ სწორედ იმიტომ ვიმყოფებით ავღანეთში, რომ ტერორიზმი და ის იდეოლოგია, რომელიც ტერორიზმს კვებავს, დამარცხდეს", - ეს განცხადება პარლამენტის თავმჯდომარემ , დავით უსუფაშვილმა გადაცემაში "მთავარი კითხვა" სტუმრობისას გააკეთა. სხვა შემთხვევაში, უსუფაშვილის შეფასებით, რისკები გაცილებით დიდი და მეტი იქნება.
ამასთან, როგორც პარლამენტის თავმჯდომარე აცხადებს, საქართველომ ერთის მხრივ უნდა მიაღწიოს იმას, რომ ავღანეთში აღებულ ვალდებულებას ღირსეულად და ვაჟკაცურად გაუმკლავდეს და მეორეს მხრივ, გაჰყვეს გზას, რასაც დანარჩენი მსოფლიო მიჰყვება და მისგანაც საკუთარ პრობლემებთან დაკავშირებით ადექვატური დახმარება მიიღოს.
"ჩვენ, ქართველებს, პრაქტიკულად გვაქვს ორი არჩევანი: ან თავისუფალ მსოფლიოსთან ერთად უნდა ვებრძოლოთ ტერორიზმს, ან აღმოვჩდებით თავად ჩართულნი და ჩათრეულნი ამ უბედურებაში. შუალედი, ნეიტრალური პოზიცია, იმ პოზის დაკავება, რომ ჩვენ ეს არ გვეხება და ჩვენი პრობლემა არ არის, თუ სხვა ქვეყნებში ხდება აფეთქება, ან სხვა უბედურება, როცა მშვიდობიანი მოქალაქეები და ბავშვები იღუპებიან, ასე შორს ვერ წავალთ, იმიტომ რომ, ეს პრობლემა მოაღწევს საქართველომდე. ამიტომაც არის სრულიად აუცილებელი ბრძოლა ტერორზმთან, ბრძოლა ძალადობასთან, ბრძოლა იმ იდეოლოგიასთან, რომელიც კვებავს მსგავს განწყობას, მსგავს დამოკიდებულებას, იქნება ეს რელიგიურ ფუნდამეტნალიზმზე, თუ რაიმე სხვა თემებზე დაფუძნებული. ამასობაში, ჩვენ საქართველომ - ხელისუფლებამ, საზოგადოებამ ყველაფერი უნდა ვიღონოთ იმისთვის, რომ ჩვენი წვლილი, ჩვენი რისკი და მსხვერპლი იყოს ადექვატური და არა არაადექვატური", - აცხადებს დავით უსუფაშვილი.
პარლამენტის თავმჯდომარემ აქვე ხაზგასმით აღნიშნა ისიც, რომ საქართველოს ქვეყნის შიგნით არსებული პრობლემის გადაჭრა - ოკუპანტი სახელმწიფოს შეჩერება და ქვეყნიდან მისი გაყვანა, მხოლოდ დემოკრატიულ სამყაროსთან ერთად შეუძლია და სხვა გზა არ არსებობს.
"მსენია მოსაზრება იმის შესახებ, რომ თუკი საქართველო უარს იტყვის ნატო-ში სწრაფვაზე რუსეთი დაგვიბრუნებს ტერიტორიებს. მე ღრმად მწამს, რომ ასეთ შემთხვევაში რუსეთი უბრალოდ მიითვისებს საქართველოს მთელს დანარჩენ ტერიტორიას და არაფერს არ დააბრუნებს. შესაბამისად, რისკი გაცილებით მეტია, თუკი ჩვენ დემოკრატიული სამყაროს გვერდით არ ვიქნებით და არ მივმართავთ ძალისხმევას იქითკენ, რომ მათ ბოლოს და ბოლოს უზრუნვეყონ ჩვენი უსაფრთხოებაც. ნატოსკენ სწრაფვა სწორედ ამას ემსახურება", - აღნიშნა უსუფაშვილმა.
მან ყურადღება გაამახვილა პრობლემის იმ კონკრეტულ მხარეზეც, რომელიც ავღანეთში წამოდგენილი ქართული შეიარაღებული ძალების რაოდენობას ეხება და განაცხადა, რომ ამ მიმართულებით წინა ხელისუფლების მისამართით სერიოზულ საყვედურს გამოთქვამს.
"წინა ხელისუფლება დასავლეთთან ურთიერთობაში სხვა თვალსაზრისით პრობლემების გადასაფარად, თითქოს ამით გამოდიოდა წინა პლანზე - კიდევ მეტს გავაგზავნით, კიდევ მეტ მონაწილეობას მივიღებთ, რა პრობლემაა - აგერ ვართ ჩვენ, თუკი იქ მონაწილეობის მიღების სურვილი ვინმეს აღარ აქვს. ამ ნაწილში იყო გადაჭარბება და ნაკლები ფიქრი იმაზე, რომ ჩვენ ამ პროცესში დღესაც და ხვალაც შეგვიძლია ღირსეული წვლილი შევიტანოთ, მაგრამ მსოფლიოს სხვა ქვეყნებს და სახელმწიფოებს არ გავუჩინოთ განცდა იმისა, რომ თუკი ვინმეს დასჭირდება მორიგი შენაერთი, აგერ არიან ქართველები, რომელიც სიამოვნებით გააკეთებენ ამას. ახალი ხელისუფლების პოლიტიკა ამ მიმართულებით ერთის მხრივ არის თანმიმდევრული, იმიტომ რომ, როდესაც სახელმწიფოს ამ თვალსაზრისიოთ ვალდებულება აქვს აღებული, იქ შუა გზაზე, ბრძოლის ველიდან წამოსვლა, არც საერთაშორისო სამართლის და საერთაშორისო პოლიტიკისთვის არის მისაღები და არც ჩვენთვის - ქართველებისთვის. ავღანეთში რთულ პროცესებს აქვს ადგილი იმასთან დაკავშირებით, რომ გამოსვლის ეტაპი დაიწყო. ავღანეთის ოფიციალური ხელისუფლება დაინტერესებულია იმით, რომ გამოსვლა იყოს არა მათი მიტოვება და საბოლოო ჯამში, თალიბანების თუ სხვა ტერორისტული დაჯგუფებების გამარჯვება, არამედ ის, რომ ადგილობრივმა ძალებმა შესძლონ პროცესის ლოგიკურ დასასრულამდე მიყვანა. ამიტომ საქართველო ხელისუფლების პოზიციაა, რომ ჩვენ ჩვენი ვალდებულება ბოლომდე უნდა შევასრულოთ - ეს არის ბრძოლა არამხოლოდ ავღანეთში, ეს არის გლობალური ბრძოლა და ჩვენ ამის სანაცვლოდ, უნდა ვიფიქროთ ბევრი სხვა მიმართულებით - უნდა ვიყოთ უფრო ფრთხილნი და დელიკატურნი, როცა ასეთ თემებს ეხება საქმე", - განაცხადა უსუფაშვილმა.