სურსათის ეროვნული სააგენტო დასავლეთ საქართველოში საკარანტინო მავნებლის - ამერიკული თეთრი პეპლის წინააღმდეგ ბრძოლას, სავარაუდოდ, ივნისის შუა რიცხვებიდან დაიწყებს. სპეციალისტების განმარტებით, ღონისძიებების დაწყება დამოკიდებულია მავნებლის მასიურ გამოვლენაზე. სააგენტოს მცენარეთა დამცველები სამეგრელოს, გურიის, იმერეთისა და აჭარის რეგიონებში ატარებენ სისტემატურ მონიტორინგს, რომ დროულად დაიწყოს მავნებლის წინააღმდეგ ქიმიური წამლობა.
სახელმწიფო პროგრამით გათვალისწინებული ქიმიური წამლობის პარალელურად, მნიშვნელოვანია მოსახლეობის აქტიური ჩართვა მავნებლის წინააღმდეგ ბრძოლაში. აგროტექნიკური და მექანიკური ღონისძიებების გატარება საგრძნობლად ამცირებს ამერიკული თეთრი პეპლის რიცხოვნობას. მავნებლის ბიოლოგიიდან გამომდინარე, ერთი პეპელა განათებულ ადგილებში, ხის ტოტებზე დებს 2500-3000-მდე კვერცხს, რომელსაც ახვევს აბლაბუდაში. აბლაბუდაში იჩეკებიან მატლები, რომლებიც ნელ-ნელა გამოდიან ბუდიდან და იწყებენ მცენარის ფოთლების განადგურებას. აბლადიანი ტოტების მოჭრა და გასუფთავება კი მავნებლის გავრცელების რისკს მინიმუმადე ამცირებს. გარდა ამისა, ქიმიური წამლობა არ ხორციელდება ბუდებზე, რეკომენდირებულია მხოლოდ გამოჩეკილი მატლების განადგურება. ამასთანავე სახელმწიფო პროგრამით გათვალისწინებულია მხოლოდ ქუჩების, გზისპირების, სკვერებისა და ტრასების დამუშავება. საკარმიდამო ნაკვეთებში მავნებლის წინააღმდეგ ბრძოლა მოსახლეობის პრეროგატივაა.
ამერიკული თეთრი პეპლის საწინააღმდეგო ღონიძიებებს სურსათის ეროვნული სააგენტო სამეგრელოში, გურიასა და აჭარის რეგიონში განახორციელებს.
სურსათის ეროვნული სააგენტო ყოველწლიურად ახორციელებს მავნებლის პირველ (მაისი-ივნისი) და მეორე თაობის (ივლისი-აგვისტო) წინააღმდეგ ბრძოლას. მიმდინარე წელს მავნებლის გავრცელების მაღალი რისკის კერებში დაგეგმილია 35600 ჰექტარზე ქიმიური წამლობის ჩატარება.
თეთრი პეპელა საშიში საკარანტინო მავნებელია, რომელიც გავრცელებულია დასავლეთ საქართველოში, კერძოდ სამეგრელოს, გურიისა და აჭარის რეგიონებში, ასევე იმერეთის ნაწილში. მავნებელი აზიანებს 300–ზე მეტი დასახელების მცენარეს, რამდენიმე წლის მავნეობის შემდეგ მცენარე ხმება. საქართველოში საკარანტინო ობიექტი პირველად 1976 წელს სამტრედიაში დაფიქსირდა. საქართველოს კლიმატური პირობებიდან გამომდინარე მავნებელი იძლევა 2 თაობას, რომლის წინააღმდეგ წამლობა, ძირითადად, ხორციელდება გერმანული წარმოშობის პრეპარატ ”დეცისით” თერმული ნისლის ტექნოლოგიის გამოყენებით, რომელიც უსაფრთხოა როგორც ადამიანის ჯანმრთელობისთვის, ასევე გარემოსთვის. ის ანადგურებს მხოლოდ მავნებელს.
მავნებლის წინააღმდეგ ჩატარებული ღონისძიების სტატისტიკა:
2006 წ. _6100ჰა
2007 წ. _6500ჰა
2008 წ. _9856 ჰა
2009 წ. _18165 ჰა
2010 წ. _11510 ჰა
2011 წ. _17391ჰა
2012 წ. _31850 ჰა