საქართველოში, 3-4 ივნისს ვიზიტით მყოფი ევროპარლამენტარები მიესალმებიან ქვეყანაში, რიგ სფეროებში მიღწეულ პროგრესს, თუმცა ამავდროულად, შეშფოთებას გამოთქვამენ ზოგიერთ საკითხთან დაკავშირებით. ამის შესახებ განცხადებას ევროპის პარლამენტის ოფიციალური ვებგვერდი ავრცელებს.
"ვაღიარებთ, რომ საქართველოში ძალაუფლების მშვიდობიანად გადაბარება ღირებული დემოკრატიული პრეცედენტია აღმოსავლეთ პარტნიორობის ამ ქვეყანაში. ჩვენ ასევე მივესალმებით ევროპული მიმართულების სასარგებლოდ მიღწეულ ფართო კონსენსუსსაც", - ნათქვამია ევროპარლამენტარების განცხადებაში.
ამავდროულად, ევროპარლამენტარები შეშფოთებას გამოთქვამენ პოლიტიკური და სოციალური პოლარიზაციის მაღალი დონით, რომელიც ქვეყნის მმართველ პარტიას "ქართული ოცნებისა" და ოპოზიციური პარტია "ნაციონალური მოძრაობის" მხარდამჭერებს შორის შეინიშნება.
"ხაზს ვუსვამთ, რომ ქვეყნის პრიორიტეტი უნდა იყოს სასამართლო სისტემის რეფორმის გატარება და მისი დასრულება, რათა უზრუნველყოს ამ სისტემის დამოუკიდებლობა და მიუკერძოებლობა. კერძოდ, მთავარ პრიორიტეტად უნდა დარჩეს იუსტიციის უმაღლესი საბჭოსა და პროკურატურის რეფორმა. ამავდროულად, გვჯერა, რომ სამართლიანობის მოთხოვნა კანონის უზენაესობის, სამართლიანი პროცესებისა და უკანონობასთან ბრძოლის ფარგლებში იქნება მიღწეული, რათა თავიდან იქნას აცილებული პოლიტიკურად მოტივირებული დაკავებების ბრალდება", - აღნიშნავენ ევროპარლამენტარები.
გავრცელებულ განცხადებაში ევროპარლამენტარები ასევე გმობენ 17 მაისს, თბილისში, ჰომოფობიის საერთაშორისო დღეს აქციის ძალადობრივად დაშლას.
"ჩვენ ვგმობთ იმ ძალადობას, რომელიც ორივე მხარის – ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლების მხრიდან იყო გამოვლენილი. შეშფოთებულები ვართ, სექსუალური უმცირესობებისა და დაუცველი ჯგუფებების წინააღმდეგ გამოვლენილი სიძულვილის ენით. მოვუწოდებთ ქართველ პოლიტიკოსებს, ევროპული სტანდარტების დაცვით იმუშავონ სიძულვილის ენისა და დისკრიმინაციის წინააღმდეგ და ველით, მსგავსი ქმედებების ჩამდენი დამნაშავეების დასჯას", - ნათქვამია ევროპარლამენტარების განცხადებაში, რომლებიც ასევე მიესალმებიან შრომის კოდექსში შესატან ცვლილებებს.
გავრცელებულ განცხადებაში ევროპარლამენტარები ასევე აღნიშნავენ, რომ მოელიან სრულყოფილი ანტიდისკრიმინაციული კანონმდებლობის პროექტს, მათ შორის გენდერული დისკრიმინაციის საფუძველზე ისევე, როგორც სექსუალური, ეთნიკური და რელიგიური უმცირესობების, ქალთა, შეზღუდული შესაძლებლობების, იძულებით გადაადგილებულ პირთა და სხვა ჯგუფების.
"მიგვაჩნია, რომ მოახლოებული საპრეზიდენტო არჩევნები ქართული დემოკრატიის მომწიფების ტესტი იქნება. შეგახსენებთ, რომ კონსტრუქციული, მშვიდობიანი და დიალექტიკური კოჰაბიტაცია დემოკრატიის ნიშანია. ევროპარლამენტი კვლავაც რჩება საქართველოსა და ევროკავშირი-საქართველოს ურთიერთობების ძლიერი მხარდამჭერი და მზადაა, დახმარება გაუწიოს საქართველოს დემოკრატიზაციისა და მოდერნიზაციის გზაზე", - ნათქვამია ევროპარლამენტარების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ევროპარლამენტართა შვიდკაციანი ჯგუფი საქართველოში ვიზიტით 3-4 ივნისს იმყოფებოდა. ვიზიტის ფარგლებში ევროპარლამენტარები საქართველოს პრეზიდენტს, პრემიერ-მინისტრის, პარლამენტის თავმჯდომარეს, შინაგან საქმეთა და იუსტიციის მინისტრებსა და სხვა ოფიციალურ პირებს შეხვდნენ.
ვიზიტის დროს ევროპარლამენტარმა კჟიშტოფ ლისეკმა ციხეში მოინახულა საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი ვანო მერაბიშვილი.