დღეს, ქალაქ თბილისის საქალაქო სასამართლოში, თეონა ქველაძის საქმის განხილვა დაიწყო. ამა წლის 10 აპრილს, თეონა ქველაძე, რომელიც ქალაქ თბილისის მერის პირველი მოდგილის (ვიცე –მერის) აპარატის მთავარი სპეციალისტის პოზიციას იკავებდა, სამსახურიდან გაანთავისუფლეს. მან თბილისის მერიის წინააღმდეგ სასამართლოს სარჩელით მიმართა.
„ჩემი სამსახურიდან განთავისუფლება პოლიტიკური ნიშნით მოხდა. მას შემდეგ რაც ჩემი ძმა, გიორგი ქველაძე, გამოეყო „ნაციონალურ მოძრაობას“, რადიკალურად შეიცვალა უფროსის დამოკიდებულება ჩემდამი.“ – განაცხადა თეონა ქველაძემ
დღევანდელი სხდომა გადაიდო და 14 ივნისს ჩაინიშნა. როგორც, თეონა ქველაძის ადვოკატმა განაცხადა, 14 ივნისს სასამართლოს სხდომას დაესწრება თბილისის ვიცე–მერი, სევდია უგრეხელიძე.
დღევანდელ სასამართლოს სხდომას ესწრებოდნენ თბილისის საკრებულოს დეპუტატები. „ქალბატონი სევდია არ წარმოადგენს თავისუფალ ადვოკატებს, ის არის „ნაციონალური მოძრაობის“ პირადი ადვოკატი. ის აგრძელებს ხალხის დაშინებას და პოლიტიკური ნიშნით განთავისუფლებას. თეონა ქველაძის საქმე ერთ–ერთი ნათელი მაგალითია ამისა. თეონას ძმის, გიორგი ქველაძის, „ნაციონალური მოძრაობის“ დატოვების შემდეგ, სევდია უგრეხელიძემ პირადად გაანთავისუფლა სამსახურიდან მისი აპარატის თანამშრომელი“ – განაცხადა საკრებულოს ფრაქცია „თავისუფლების“ თავმჯდომარემ, ირაკლი შიხიაშვილმა.