პროექტის

პროექტის "მედია წიგნიერება ახალგაზრდებისათვის" გამარჯვებულები დააჯილდოვეს

პროექტის “მედია წიგნიერება ახალგაზრდებისთვის“ გამარჯვებულები დააჯილდოვეს ჩოხატაურელთა გუნდის სპონსორი კომპანია “წყალი მარგებელი“ იყო

განათლების მულტიმედია ცენტრში IREX-G-MEDIA პროგრამის ინიციატივით პროექტის “მედია წიგნიერება ახალგაზრდებისთვის“ საზეიმო ღონისძიება გაიმართა, რომელშიც ხუთი რეგიონის გამომცემლობებთან არსებული მედიასკოლების მოსწავლეები მონაწილეობდნენ.

პროგრამის ფარგლებში გამოცხადებულ კონკურსში ხუთმა მედიაორგანიზაციამ გაიმარჯვა, მათ შორის, გურიის ახალგაზრდულმა გაზეთმა “21-ს ქვევით“, რომელიც “გურია ნიუსის“ საგამომცემლო სახლში შედის. საზეიმო ღონისძიებაზე ხუთივე მედიასაშუალების მიერ წარმოდგენილი იყო მოსწავლეების ნამუშევრები ვიდეოსიუჟეტების და საპრეზენტაციო ნაწილის სახით. გურულების გუნდმა ძალიან საინტერესო სიუჟეტი წარმოადგინა, რომელიც სოფელ ნაბეღლავის სკოლის მოსწავლეს ლანა კალანდაძეს ეხებოდა. „ლანა ყოველდღიურად, სკოლაში მისასვლელად ფეხით რამდენიმე კილომეტრს გადის, სკოლაშიმისულს კი თანაკლესელები არ ჰყავს - ის კლასში ერთადერთი მოსწავლეა...“ - მიგრაციის პრობლემა ამ ერთი მოსწავლის მაგალითზე, გუნდს ძალიან კარგად ჰქონდა წარმოჩენილი და ნამუშევარმა საყოველთაო მოწონება დაიმსახურა.

ჩოხატაურელთა გუნდის სპონსორი კომპანია “წყალი მარგებელი“ იყო. კომპანიის წარმომადგენელმა ვიქტორია ჟიჟკომ გუნდის 6 მონაწილეს, საზეიმო ვითარებაში, თითოეულს 150-ლარიანი ვაუჩერი გადასცა. მნიშვნელოვანია, რომ 150 ლარიანი ვაუჩერი სიუჟეტის გმირს, ნაბეღლავში მცხოვრებ მოსწავლეს ლანა კალანდაძესაც გადაეცა.

მაგდა მამალაძე, ჩოხატაურის#1 საჯარო სკოლის მოსწავლე, გუნდის წევრი: “ იმდენად მოულოდნელი და სასიამოვნო სიურპრიზი იყო, რომ არასდროს დამავიწყდება. ჩემი ოჯახი წარმოშობით ნაბეღლავიდანაა და ეს სოფელი, ეს სახელწოდება ჩემთვის მშობლიურია, მაგრამ დღეიდან, კიდევ უფრო მეტად ვგულშემატკივრობ ამ კომპანიას - ეს ხომ ჩემ ცხოვრებაში პირველი ჯილდოა!“

ღონისძიებას საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები, ცნობილი ჟურნალისტები, მედიაექსპერტები ესწრებოდნენ. მოსწავლეებს მიესალმა და საზეიმო ღონისძიებას დაესწრო სტივენ ჰეიკინი, USAID-ის მისიის დირექტორი საქართველოში.

პროექტის “მედიაწიგნიერება ახალგაზრდებისთვის“ იდეის ავტორი “გურია ნიუსის“ გამომცემელი ია მამალაძეა, რომელიც ანალოგიურ პროექტს შვედეთში ყოფნისას გაეცნო და საქართველოში მისი გახორციელება IREX-G-MEDIA პროგრამის ხელმძღვანელობას შესთავაზა და განახორციელეს.