საქართველოსა და უნგრეთს შორის ეკონომიკურ და ტურიზმის სფეროში თანამშრომლობის შესახებ შეთანხმება გაფორმდა. დოკუმენტს ხელი უნგრეთში ოფიციალური ვიზიტით მყოფმა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მაია ფანჯიკიძემ და უნგრეთის სახელმწიფო მდივანმა საერთაშორისო ურთიერობებისა და ეკონომიკის საკითხებში პიტერ სიირტოსმა მოაწერეს.
სამინისტროს ინფორმაციით, ხელმოწერის ცერემონიაზე მხარეებმა აღნიშნეს, რომ მოცემული ხელშეკრულებების გაფორმება ხელს შეუწყობს საქართველოში უნგრული კომპანიებისა და უნგრელი ინვესტორების ეკონომიკური საქმიანობის შემდგომ გააქტიურებას. ასევე მიღწეულია შეთანხმება საქართველოსა და უნგრეთის ეკონომიკური კომისიის შექმნის შესახებ.
უნგრეთის სახელმწიფო მდივნის განცხადებით, გასულ წელს ორ ქვეყანას შორის სავაჭრო ბრუნვამ 50 მილიონი დოლარი შეადგინა და ეს მაჩვენებლი კიდევ უფრო უნდა გაიზარდოს.
"თანამშრომლობა უნდა გავითარდეს სოფლის მეურნეობის, ენერგეტიკის, სარკინიგზო პროექტების, ტექნოლოგიებისა და ნოუ-ჰაუს მიმართულებით. ერთობლივი ეკონომიკური კომისიის ფარგლებში ჩვენ გვექნება ამ საკითხებზე მსჯელობისა და იმ სფეროთა განსაზღვრის შესაძლებლობა, რომლებშიც რეალურად შეიძლება თანამშრომლობის გაძლიერება", – განაცხადა პიტერ სიარტოსმა.
მაია ფანჯიკიძის განცხადებით, კი უნგრეთში გამართული შეხვედრების დროს, ყველა დონეზე, ხაზი გაესვა ორ ქვეყანას შორის არსებულ მეგობრულ და პარტნიორულ დამოკიდებულებას.
"ჩემი ვიზიტი უნგრეთში წარმატებით დასრულდა და ამ წარმატების დამაგვირგვინებელი აკორდი იყო ორი ხელშეკრულების ხელმოწერა, ეკონომიკისა და ტურიზმის სფეროებში. გარდა ამისა, საქართველოსა და უნგრეთს შორის მიღწეულია შეთანხმება ეკონომიკური კომისიის შექმნის თაობაზე. კომისიის პირველი სხდომა ჩატარდება საქართველოში და სახელმწიფო მინისტრი კომისიის ფარგლებში საქართველოში ჩამოიყვანს ბიზნესმენთა დიდ ჯგუფს, რათა მოვაწყოთ ქართულ-უნგრული ეკონომიკური ფორუმი. პოლიტიკური ხასიათის შეხვედრების დროს, რომელიც მქონდა პარლამენტის სპიკერთან და საგარეო საქმეთა მინისტრთან, კიდევ ერთხელ გაესვა ხაზი ჩვენს ქვეყნებს შორის არსებულ ძალიან კარგ პარტნიორულ და მეგობრულ ურთიერთობებს, უნგრეთის მხარდაჭერას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის და სუვერენიტეტისადმი და აგრეთვე, უნგრეთის ურყევ მხარდაჭერას საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე", - აღნიშნა მაია ფანჯიკიძემ.