ხვალ სასამართლო ეროვნული ბანკის წინააღმდეგ სარჩელზე გადაწყვეტილებას გამოიტანს

ხვალ სასამართლო ეროვნული ბანკის წინააღმდეგ სარჩელზე გადაწყვეტილებას გამოიტანს

ხვალ თბილისის საქალაქო სასამართლოში, საქართველოს ეროვნული ბანკის წინააღმდეგ, ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატების“ სარჩელის განხილვა განახლდება. დავის საგანს საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობა წარმოადგენს, რომელიც ეხება 1992–93 წლებში, ქვეყნის მთავარი საფინანსო უწყების მიერ 500–ზე მეტ კომპანიაზე, ჯამში 854 მილიარდი მანეთისა და კუპონის გაცემის ფაქტს. ეროვნული ბანკისგან აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაცია „ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაცია – აფბამ“ მოითხოვა, თუმცა ეროვნულმა ბანკმა წერილობით მიუთითა, რომ „ცნობები იურიდიული და ფიზიკური პირების ანგარიშების და ოპერაციების შესახებ შეიძლება გაიცეს მხოლოდ სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე.“

„ახალგაზრდა ფინანსისტების“ კითხვას წარმოადგენდა, თუ რამდენად მართლზომიერად მოხდა ეროვნული ბანკისგან ფულადი სესხების გაცემა, კონკრეტულად, რომელ ორგანიზაციებზე გაიცა თანხა, რა მოცულობის თანხა იქნა გაცემული სესხად და ვინ იყვნენ მაშინდელი ორგანიზაციის მეპატრონეები. ორგანიზაციამ ეროვნული ბანკის უარი 2013 წლის 22 თებერვალს სასამართლო წესით გაასაჩივრა, რომლის წარმომადგენლობასაც, „ახალგაზრდა ადვოკატები“ ანხორციელებენ. 

სასამართლოში, მოსამართლე ნათია ბუსკაძის ხელმძღვანელობით, საქართველოს ეროვნული ბანკის მიმართ, პირველი სასამართლო პროცესი 2013 წლის 24 აპრილს უკვე შედგა. სასამართლო სხდომაზე, საქართველოს ეროვნული ბანკის ინტერესების დამცველმა მანანა ღუბიანურმა ღიად განაცხადა, რომ საქართველოს ეროვნული ბანკი 1990–იან წლებში განვითარებულ ჰიპერინფლაციასთან დაკავშირებით, ნაწილობრივ პასუხისმგებელია, თუმცა პასუხისმგებლობას არ იღებს საბჭოთა ანაბრების გაუფასურების ფაქტთან დაკავშირებით. მხარის შეფასებით, ეროვნული ბანკი პასუხისმგებლობას ვერც გაცემული კრედიტების მიზნობრივ ათვისებაზე აიღებს, თუმცა ცალსახად იქნა დაფიქსირებული პოზიცია, რომ კრედიტების გაცემის სქემა იყო არასწორი. ეროვნულმა ბანკმა მოთხოვნილ ინფორმაციას საბანკო საიდუმლოება უწოდა.

ხვალინდელ სხდომაზე სასამართლომ საქმეზე ახსნა–განმარტებები უნდა მოისმინოს, რაც არ გამორიცხავს, რომ სასამართლომ სხდომის დასრულებისთანავე, გადაწყვეტილებაც გამოაცხადოს. პროცესი 16:00 საათზე დაიწყება.