სიამოვნებით წავიდოდით რუსეთთან კომპრომისზე, მაგრამ ჩვენ დასათმობი აღარაფერი გვაქვს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ბიძინა ივანიშვილმა ჟურნალისტებთან დღევანდელ შეხვედრაზე განაცხადა.
ივანიშვილის თქმით, საქართველოს მთავრობა "ორივეს მიაღწევს – რუსეთთანაც დაალაგებს ურთიერთობებს და ნატო-ს წევრიც გახდება.
"ჩვენ ორივეს გავაკეთებთ. იმასაც მივაღწევთ და იმასაც. არ უნდა შევხედოთ აგრესიულად იმას, რომ რუსეთი საქართველოს ნატო-ში გაწევრიანების წინააღმდეგია. ასეთი დამოკიდებულება რუსეთს ჰქონდა ბევრი ქვეყნის მიმართ, მათ შორის ბალტიის ქვეყნების, პოლონეთის და ა.შ. ის, რომ რუსეთის დამოკიდებულება ასეთი არ იყოს, იქნებოდა იდეალური, მაგრამ რადგან ნატო-ში შესვლა მოახერხეს სხვებმა, რატომ არ შეიძლება ჩვენც მოვახერხოთ – ეს არის ჩვენი ვალი და მე არ მიმაჩნია ეს წამოუდგენლად", - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.
მისივე აზრით, რომ არა საქართველოს წინა ხელისუფლების გაუაზრებელი შეცდომა, ქვეყანა დღეს ნატო-ს წევრი იქნებოდა.
"წინა ხელისუფლების შეცდომის შედეგია, თორემ ნატო-ს წევრი უკვე ვიქნებოდით. რომ არა რუსეთისადმი მისი გამძაფრებული რიტორიკა, პიონერული და კომკავშირული გამოხტომები, საქართველო დღეს ნატო-ს წევრი უნდა ყოფილიყო და რუსეთთანაც ნორმალური ურთიერთობები გვქონოდა. ჩვენ აღარ დავუშვებთ შეცდომებს", - აღნიშნა პრემიერმა.
ივანიშვილის აზრით, თავად რუსეთის ხელისუფლება აცნობიერებს, რომ სეპარატისტული ტერიტორიები მისთვის სასარგებლო არაა და რომ "ნატო-ში ჩვენი შესვლა რუსეთს არ დააბრკოლებს".