მთავარი პროკურატურა გელა ხვედელიძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს

მთავარი პროკურატურა გელა ხვედელიძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს

საქართველოს მთავარი პროკურატურა საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ყოფილი პირველი მოადგილის, გელა ხვედელიძის დაკავების საქმეზე განცხადებას ავრცელებს, რომელსაც  უცვლელად გთავაზობთ:

"საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ყოფილი პირველი მოადგილის გელა ხვედელიძის მიერ ინტერნეტსივრცეში გიორგი ფარესაშვილისა და სხვათა პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების განთავსების საქმეზე სწრაფი და ეფექტური გამოძიების ორგანიზებასა და საპროცესო ხელმძღვანელობას ახორციელებდა საქართველოს მთავარი პროკურორის პირველი მოადგილე ლაშა ნაცვლიშვილი.

საქართველოს პროკურატურა უზრუნველყოფს მოცემულ საქმეზე გამოძიების მიმდინარეობის მაქსიმალურ საჯაროობას და ხელმისაწვდომობას და, შესაბამისად, ნებისმიერ დაინტერესებულ პირს ექნება შესაძლებლობა დარწმუნდეს მის ობიექტურობასა და მიუკერძოებლობაში.

რაც შეეხება საჯარო განცხადებებს საქართველოს ხელისუფლების ზოგიერთი წარმომადგენლის მიერ ბიზნესის ლობირების თაობაზე, ეს განცხადებები არაფრით არ არის დასაბუთებული და წარმოადგენს მხოლოდ ცალკეულ პირთა პირად მოსაზრებებს. შესაბამისად, საქართველოს მთავარი პროკურატურა, მოქმედი კანონმდებლობის თანახმად, მათ საფუძველზე გამოძიებას ვერ დაიწყებს", - ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.