კომპანიები TATA POWER და CLEAN ENERGY და ფონდი IFC INFRAVENTURES საქართველოში ჰიდროპროექტების განხორციელებას იწყებენ, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურიდან აცნობეს.
ინდოეთის უმსხვილესი ინტეგრირებული ელექტროენერგეტიკული კომპანიის Tata Power-ის შვილობილმა კომპანიამ Tata Power International PTE LTD ხელი მოაწერა ხელშეკრულებას კომპანიასთან Clean Energy Invest AS (Clean Energy) და ფონდთან IFC InfraVentures (IFC) საქართველოში ჰიდროპროექტების განხორციელებასთან დაკავშირებით.
ჰიდროპროექტების ჯამური სიმძლავრე 400 მეგავატს შეადგენს და მათი განხორციელება სამ ეტაპს მოიცავს. პირველი ეტაპი (185 მეგავატის სიმძლავრე) სავარაუდოდ 2016 წლის პირველ ნახევარში დასრულდება.
"კომპანიები Tata Power და Clean Energy იქნებიან 40-40%-ის ოდენობის წილის მფლობელები, ხოლო ფონდის IFC InfraVentures წილი შეადგენს 20%-ს. მოპოვებული ელექტროენერგია მოხმარდება ზამთრის პერიოდში ადგილობრივი მოთხოვნის დაკმაყოფილებას და ასევე გავა საექსპორტოდ, მათ შორის თურქეთში. აღნიშნული პროექტის ღირებულება 400 მილიონ დოლარს შეადგენს. ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც ინვესტორი ქართულ ბიზნესსექტორში ასეთი მოცულობის თანხას სრულად დებს", - აცხადებენ პრემიერის პრესსამსახურში.
უმსხვილესმა ინდურმა ტრასნაციონალურმა კონგლომერატმა, "ტატა ჯგუფმა" საქართველოში ინვეტიციების განხორციელების სურვილი 24 იანვარს, დავოსში, საქართველოს პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრისას გამოთქვა. "შეხვედრაზე პრემიერ-მინისტრმა კომპანიის ხელმძღვანელობას პირობა მისცა, რომ საქართველოს მთავრობა ინვესტორებს თავისუფალ, სამართლიან და სტაბილურ ბიზნესგარემოს დაახვედრებდა", - განმარტავენ პრემიერის პრესსამსახურში.
"ტატა ჯგუფი" მსოფლიოს 50 წამყვანი კორპორაციის სიაში შედის. მას მსოფლიოს 80-ზე მეტ ქვეყანაში აქვს წარმომადგენლობა. იგი მოიცავს 114 კომპანიას, რომლებიც ბიზნესის 8 სექტორის მიმართულებით მუშაობენ.