2013 წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზის მაჩვენებელი კვირის ბოლოს გაირკვევა

2013 წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზის მაჩვენებელი კვირის ბოლოს გაირკვევა

ეროვნული ბანკის პრეზიდენტი გიორგი ქადაგიძე ეკონომიკური ზრდის პროგნოზის მაჩვენებელში სიცხადის შეტანას კვირის ბოლოსთვის ვარაუდობს. როგორც გიორგი ქადაგიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, ეს სავალუტო ფონდის მისიასთან შეხვედრის ერთ-ერთი მთავარი თემაა. მისი თქმით, სავალუტო ფონდი არის საქართველოს მთავარი ფინანსური პარტნიორი.

"ჩვენ მრავალი წელია წარმატებული თანამშრომლობა გვაკავშირებს და ამ პროგრამის ფარგლებში ჩამოსულია მისია, რომელთან მოლაპარაკების პირველი რაუნდის მიზანია ადეკვატურად და რეალისტურად შევაფასოთ მიმდინარე ეკონომიკური ტენდენციები იმისთვის, რომ მზად ვიყოთ ნებისმიერი გამოწვევისთვის როგორც ოპტიმისტური სცენარით, ისე პესიმისტური სცენარის განვითარების შემთხვევაში", - განაცხადა ქადაგიძემ.

მისივე ინფორმაციით, საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიასთან საუბარი შეეხება როგორც გრძელვადიან გეგმებს, ისე მიმდინარე ტენდენციების მოკლევადიან ასპექტებს.

"დარწმუნებული ვარ, მოვახერხებ ისეთი პარამეტრების შეჯერებას, რომელიც მისაღები იქნება როგორც სავალუტო ფონდისთვის, ისე საქართველოს ხელისუფლებისთვის", - აღნიშნა გიორგი ქადაგიძემ.

ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ინფორმაციით, შეამცირებს თუ არა ეროვნული ბანკი 2013 წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზს კვირის ბოლოსთვის გახდება ცნობილი.

საქართველოს ეკონომიკური ზრდის 6%-იანი პროგნოზის შემცირება გიორგი ქადაგიძემ გასულ კვირას გამართულ ბრიფინგზე არ გამორიცხა. მისი თქმით, პირდაპირი ინვესტიციების კლება და ეკონომიკური აქტივობის შენელება ოპტიმისტური პროგნოზის გაკეთების საშუალებას არ იძლევა.