სურსათის უვნებლობის სახელმწიფო რეგულირება: საქართველოს ხელისუფლების მიერ 2012 წელს გაწეული საქმიანობის შეფასება

სურსათის უვნებლობის სახელმწიფო რეგულირება: საქართველოს ხელისუფლების მიერ 2012 წელს გაწეული საქმიანობის შეფასება

ანგარიშის მოკლე მიმოხილვა მედიისათვის ბოლო წლების განმავლობაში და სახელდობრ 2012 წელს საქართველოში სურსათის უვნებლობის სფეროში საკმაოდ მნიშვნელოვანი რეფორმები განხორციელდა. აღნიშნული რეფორმები მიმართული იყო სურსათის უვნებლობის სახელმწიფო რეგულირების ერთიანი პრინციპების განსაზღვრის, სახელმწიფო კონტროლის ეფექტიანი სისტემის ჩამოყალიბებისა და ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაცვის უზრუნველყოფისკენ. თუმცა, ანგარიშვალდებულების, გამჭვირვალობისა და საზოგადოების თანამონაწილეობის 
უზრუნველმყოფი მექანიზმები სურსათის უვნებლობის სფეროს საკანონმდებლო ბაზის შემუშავებისა და აღსრულების პროცესში საკმაოდ სუსტია ან ფაქტობრივად არ არსებობს.

სურსათის უვნებლობის სფეროს რეფორმის პროცესი, საკმაოდ დაშორებული იყო მომხმარებლისაგან და მეწარმეთა ინტერესების დომინირების ნიშნით მიმდინარეობდა. მიუხედავად ასეთი მიდგომისა, რეფორმამ სათანადო დონეზე ვერც მეწარმეთა ინტერსების დაცვა უზრუნველყო და ვერც მიმზიდველი სამეწარმეო გარემოს შექმნა გახადა შესაძლებელი. გამოკითხულ მეწარმეთა უმრავლესობის აზრით, ყველა მეწარმის მიმართ თანაბარი მიდგომა უზრუნველყოფილი არ იყო. ხელისუფლების ლიბერტარიანული ხედვის (სახელმწიფოს მხრიდან ეკონომიკაში მინიმალური ჩარევის) შედეგად უკონტროლო გარემო შეიქმნა, რამაც ბიზნეს-ოპერატორებისადმი არათანაბარი მიდგომის საფუძველი წარმოშვა და ხელი შეუშალა სამართლიან კონკურენციას.
კონტროლის სისტემის სისუსტემ და სურსათთან დაკავშირებული რისკის შეფასების

სისტემის გაუმართაობამ, საქართველოში განხორციელებული ინსტიტუციონალური რეფორმებისა და ძალისხმევის მიუხედავად, ვერ უზრუნველყო ისეთი ეფექტიანი სისტემის ჩამოყალიბება, რომელსაც ნდობის მაღალი რეიტინგი ექნებოდა საზოგადოებისა და დაინტერესებული მხარეების მხრიდან და რომელიც უზრუნველყოფდა ქვეყანაში სურსათის
უვნებლობის კუთხით მდგომარეობის მნიშვნელოვან გაუმჯობესებას.

კვლევის პროცესში დეტალურად იქნა შესწავლილი და გაანალიზებული სურსათის უვნებლობის სფეროში ყოვლისმომცველი სტრატეგიისა და საკანონმდებლო მიახლოების პროგრამის შესრულების მდგომარეობა. 2012 წელს გათვალისწინებული ღონისძიებების მხოლოდ მცირე ნაწილი იქნა შესრულებული. 2001 წლის შემდეგ არ შეცვლილა და არ განახლებულა მოძველებული ჰიგიენური ნორმატივები, თუ საკვებდანამატების გამოყენების წესები, რაც საფრთხეს უქმნის მოქალაქეთა ჯანმრთელობას.

იმედის მომცემია, რომ საქართველოს ახალი ხელისუფლება აღიარებს სურსათის უვნებლობის კუთხით საქართველოში არსებულ სტრუქტურულ პრობლემებს და მათ მოსაგვარებლად ნაბიჯების გადადგმაც დაიწყო. თუმცა, ეს ბევრ სირთულესთანაა დაკავშირებული, შესაბამისი სახელმწიფო უწყებების ინტენსიურ მუშაობასა და ადგილობრივი ბიზნესთან და საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან ეფექტიან თანამშრომლობას მოითხოვს.