ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ სარეფერენდუმო საინიციატივო ჯგუფს (შემადგენლობით: ზურაბ თოლორაია, ალექსანდრე შალამბერიძე, გიორგი ყორღანაშვილი, კახა ნიქაბიძე) რეგისტრაცია გაუუქმა. ასევე გაუქმდა ჯგუფის მიერ სარეფერენდუმოდ შემოთავაზებული საკითხი - ”თანახმა ხართ, თუ არა, რომ ომბუდსმენი (სახალხო დამცველი) არჩეულ იქნეს საყოველთაო-სახალხო კენჭისყრით?”
ზემოაღნიშნული ჯგუფი და მათ მიერ წარმოდგენილი სარეფერენდუმო საკითხი საარჩევნო ადმინისტრაციამ 2013 წლის 8 თებერვალს გაატარა რეგისტრაციაში, ვინაიდან მათ მიერ წარმოდგენილი საკითხი ჩამოყალიბებული იყო მკაფიოდ და კონკრეტულად და არ ეწინააღმდეგებოდა საარჩევნო კანონდებლობას. რეგისტრაციის შემდეგ საინიციატივო ჯგუფს, კანონით დადგენილი ვადისა და პროცედურის დაცვით, ცესკო-ში ამომრჩეველთა არანაკლებ 200,000 ხელმოწერა უნდა წარმოედგინა.
საინიციატივო ჯგუფისთვის რეგისტრაციის გაუქმების მიზეზი გახდა, ის, რომ მან არ შეასრულა საარჩევნო კოდექსით და რეფერენდუმის შესახებ ორგანული კანონით გაწერილი ნორმები; კერძოდ, ჯგუფმა კანონით დადგენილ ვადამდე, მიმდინარე წლის 9 მაისის ჩათვლით, ვერ წარმოადგინა მოქალაქეთა ხელმოწერები.