ექსპერტ რამაზ საყვარელიძის შეფასებით, "ქართული ოცნების" საპრეზიდენტო კანდიდატად გიორგი მარგველაშვილის დასახელება შესანიშნავი გადაწყვეტილება იყო.
როგორც "ინტერპრესნიუსს" რამაზ საყვარელიძემ განუცხადა, მარგველაშვილი სხვებთან შედარებით ყოველთვის გამოიკვეთებოდა პატიოსნებით, ზომიერებითა და ენერგიულობით.
"ეს თვისებები ძალიან მნიშვნელოვანია პრეზიდენტობის კანდიდატისთვის, ვინაიდან ეს ისეთი კონსტიტუციაა, რომ თუკი პრეზიდენტმა მოისურვა "ცუდი თამაშები" კონსტიტუცია იძლევა ბევრი ინტრიგის საშუალებას", – აღნიშნა საყვარელიძემ.
მისივე თქმით, მარგველაშვილი ის პიროვნებაა, რომელიც არც ცხოვრებაში და არც პოლიტიკაში ინტრიგებით არ სარგებლობს.
რაც შეეხება საზოგადოების აღქმას მარგველაშვილის კანდიდატურაზე, საყვარელიძის განცხადებით, ეს დამოკიდებული იქნება იმ პერიოდზე, როგორ ჩამთავრდება საარჩევნო კამპანია და ვინ იქნება დასახელებული სხვა პარტიების მიერ.
"მართალია მარგველაშვილი არ არის ყველაზე რეიტინგული ფიგურა "ქართული ოცნების" გუნდში, ვიცით, რომ თეა წულუკიანი ყოველთვის სარგებლობდა მოსახლოების სიყვარულით, მაგრამ ეს მკაფიოდ გამოხატული ივანიშვილის კანდიდატურაა" , – აღნიშნა რამაზ საყვარელიძემ.