მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნის წესი შესაძლოა, აღარ ამოქმედდეს

მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნის წესი შესაძლოა, აღარ ამოქმედდეს

მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნის წესი, რომელიც ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ უნდა შევიდეს ძალაში, შესაძლოა, შეიცვალოს. 

კონსტიტუციაში ერთ-ერთი ცვლილება, რომლის მაისის ბოლოსთვის ინიცირების საკითხზეც პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა გუშინ ისაუბრა, სავარაუდოდ, სწორედ მოსამართლეების უვადოდ დანიშვნას შეეხება.

ჯერ კიდევ მოქმედი საკონსტიტუციო ნორმით, მოსამართლის თანამდებობაზე გამწესება არანაკლებ 10 წლის ვადით ხდება. ოქტომბრიდან კი, ძალაში შედის ახალი საკონსტუტიციო ნორმა, რომლის მიხედვით, მოსამართლე თანამდებობაზე განწესდება უვადოდ - კანონით დადგენილი ასაკის მიღწევამდე. ეს ასაკი 65 წელია.

პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი მანანა კობახიძე ახლო მომავალში მოსამართლეთა დანიშვნის ვადების გადახედვას არ გამორიცხავს. როგორც კობახიძემ "ინტერპრესნიუსს" განუცხადა, ამ ეტაპზე მოსამართლეთა უვადოდ დანიშვის წესის ამოქმედება სწორი არ იქნება, რადგან ამისთვის სასამართლო ხელისუფლება მზად არ არის. მისივე შეფასებით, 10-წლიანი ვადა სრულიად საკმარისია, რომ მოსამართლემ თავის ფუნქცია ნორმალურად - კანონისა და კონსტიტუციის ფარგლებში შეასრულოს.

"ვფიქრობ, საკონსტიტუციო ცვლილებები მოსამართლეთა დანიშვნის ვადებს შეეხება. მოსამართლეთა უვადოდ დანიშნვა ჩვენი სასამართლო სისტემისთვის გამართლებული არ იქნება. მიმაჩნია, რომ უვადოდ დანიშვნები, თუკი ჩვენ ამ საკონსტიტუციო ნორმას ავამოქმედებთ, ამ ეტაპზე პრობლემებს შექმნის. რა თქმა უნდა, მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნა არის სასამართლოს დამოუკიდებლობის გარანტია, მაგრამ ამას კიდევ სხვა რეფორმა უნდა უძღვოდეს წინ. ახლა ჩვენ სწორედ ამ რეფორმის პროცესში ვართ - მივიღეთ "საერთო სასამართლოების შესახებ" კანონში ცვლილებები, რომელიც სასამართლო სისტემის გაჯანსაღებას შეუწყობს ხელს. პარლამენტის მიერ მიღებული ცვლილებების გათვალისწინებით, იუსტიციის უმაღლესი საბჭო მოსამართლეთა მხრიდან მათზე ზეწოლის, დევნის ორგანოდ არ იქნება აღქმული და მოსამართლე არ იქნება მუდმივი შიშის ქვეშ, რომ მის მიერ მიღებული გადაწყვეტილების გამო შეიძლება გათავისულდეს, უფლებამოსილება ჩამოერთვას ან რაიონში მივლინებით განუსაზღვრელი ვადით გაუშვან. იყო უამრავი მეთოდი, რომელსაც იუსტიციის უმაღლესი საბჭო იყენებდა. დღეს სხვა რეალობა იქმნება, როცა მოსამართლეები საბჭოს წევრებს თავად, ფარული კენჭისყრით აირჩევენ, არც პარლამენტი და პრეზიდენტი დანიშნავს დანიშნავს პირდაპირ საბჭოს წევრებს. დღეს ძალიან ბევრი მანკიერებაა სასამართლო ხელისუფლებაში. არსებობს პოლიტიკური ნება იმისა, რომ სასამართლო ხელისუფლება იყოს დამოუკიდებელი, ამის ინსტრუმენტი კანონმდებლობის სახით იქმნება და ამ ფონზე მოსამართლეთა დანიშვნის 10-წლიანი ვადა აბსოლუტურად საკმარისია იმისთვის, რომ მოსამართლეებმა თავისი უფლებამოსილება სწორად განახორციელონ. უვადოდ დანიშვნა ამ ეტაპისათვის, ჩემი აზრით, გამართლებული არ იქნება" - განუცხადა "ინტერპრესნიუსს" მანანა კობახიძემ.

ამასთან, პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა აღნიშნა ისიც, რომ საკონსტიტუციო ცვლილებების ინიცირების საკითხი გუნდში განხილვის საგანი ჯერ არ ყოფილა. კობახიძე ხაზს უსვამს, რომ "ეს ის საკითხია, რომელიც საჭიროებს პოზიციების შეჯერებას, როგორც უმრავლესობის შიგნით, ასევე მთავარობასთან".

ახლო მომავალში, მაისის ბოლოსთვის, კონსტიტუციაში ცვლილბების ინიცირებაზე დავით უსუფაშვილმა გუშინ გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრა, თუმცა პარლამენტის თამჯდომარეს ჟურნალისტებთან შეხვედრისას ცვლილბების თემატიკა არ დააკონკრეტებია.

"ოქტომბერში საპრეზიდენტო არჩევნები ტარდება, რის შემდეგაც ძალაში 2010 წელს, წინა ხელისუფლების მიერ მიღებული საკონსტიტუციო მოწყობის მოდელი შევა. თუ ჩვენ ახლა დავისახავთ მიზნად კონსტიტუციის ფუნდამენტურ ცვლილებას, ამისთვის სამუშაოდ თვენახევარი გვექნება. ჩვენ კონსტიტუციას ასე ნაუცბათევად და უპასუხისმგებლოდ ვერ და არ მოვეპყრობით, იმის მიუხედავად, რომ მოდელში, რომელიც ოქტომბერში უნდა ამოქმედდეს, ბევრი ხარვეზია. ჩვენი პოლიტიკური გადაწყვეტილებაა, ვიმსჯელოთ გადაუდებელ რამდენიმე ცვლილებაზე, რომლის ინიცირებაც შეიძლება მალე - თვის ბოლომდე მოხდეს. ასევე, თვის ბოლომდე შევქმნათ სახელმწიფო საკონტიტუციო კომისიას, რომელიც მშვიდ ვითარებაში, არჩევნებზე მიუბმელად იმუშავებს. საქართველოს ბოლოს და ბოლოს ექნება გამართული, ევროპული დემოკრატიის სტანდარტის მქონე კონსტიტუცია", - განაცხადა უსუფაშვილმა გუშინ გამართულ პრესკონფერენციაზე.