გთავაზობთ პროფესორთა დაცვის ლიგის განცხადებას, რომლითაც აღნიშნული ორგანიზაცია სახელმწიფო უმაღლესი სასწავლებლების კერძო სამართლის იურიდიული პირიდან საჯარო სამართლის იურიდიულ პირებად გარდაქმნის ინიციატივას ეხმაურება:
„ა.წ 7 მაისს ტელეკომპანია „რუსთავი 2“-მა გაავრცელა ილიას უნივერსიტეტის ვაირექტორის გიგი თევზაძის და თსუ-ს პროფესორის ზურაბ დავითაშვილის პრესკონფერენციის ამსახველი ვიდეომასალა, სადაც ისინი მოუწოდებენ პრეზიდენტს, რომ მან ვეტო დაადოს პარლამენტის მიერ მიღებულ კანონს, რომლის ერთ-ერთი მუხლი ითვალისწინებს სახელმწიფო უმაღლესი სასწავლებლების კვლავ გარდაქმნას კერძო სამართლის იურიდიული პირიდან საჯარო სამართლის იურიდიულ პირებად, რაც თითქოს სახელმწიფოს მისცემს შესაძლებლობას კვლავ ჩაერიოს მათ საქმიანობაში.
პროფესორთა ლიგა მიიჩნევს, რომ ბოლო ხანებში ახალმა ხელისუფლებამ გადადგა პოზიტიური ნაბიჯები (მაგ: სახელმძღვანელოების უფასოდ დარიგება მოსწავლეთათვის, 14 ახალი სპეციალობის მთლიანად დაფინანსება სახელმწიფოს ხარჯით და ა.შ) ამ რიგს მიეკუთვნება აღნიშნული კანონის მიღება პარლამენტის მიერ, რომელსაც ლიგა მხარს უჭერს. იმ პირობებში, როცა სახელმწიფო უმაღლესი სასწავლებლების რექტორთა უმრავლესობა ნაციონალთა მიერ დანიშნული ხალხია და რომელბსაც არ ნებავთ ახალი არჩევნების ჩატარება უნივერისტეტებში, ეს ერთადერთი საშუალებაა ძველი რექტორების გადასაყენებლად და შემდეგ ახალი, დემოკრატიული არჩევნების ჩასატარებლად (მსგავსი რამ უნდა გაკეთდეს საჯარო სკოლებშიც, რომელთა დირექტორებიც ისევ ნაციონალთა მიერ დანიშნული კადრებია).
როცა უნივერისტეტებში ჩატარდება ნამდვილად დემოკრატიული არჩევნები, ამის შემდეგ უნდა მოხდეს უნივერისტეტების ავტონომიის შემოღება და მათი რეალური დამოუკიდებლობის მიღწევა“.