ირმა ნადირაშვილი:    გია ხუხაშვილი სარეკლამო კომპანია Outdoor.ge-ს ერთ-ერთ პირზე გადაფორმებას ცდილობს

ირმა ნადირაშვილი: გია ხუხაშვილი სარეკლამო კომპანია Outdoor.ge-ს ერთ-ერთ პირზე გადაფორმებას ცდილობს

საპარლამენტო უმცირესობის ერთ-ერთი ლიდერის, ირმა ნადირაშვილის ინფორმაციით, პრემიერ-მინისტრის მრჩეველი გია ხუხაშვილი სარეკლამო კომპანია Outdoor.ge-ს ერთ-ერთ პირზე გადაფორმებას ცდილობს. როგორც ნადირაშვილმა "ნაციონალური მოძრაობის" ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, ხუხაშვილი ამ კომპანიის გიორგი ღამბაშიძეზე გადაფორმებას ცდილობს, რომელიც ბიძინა ივანიშვილის საარჩევნო კამპანიაშიც მონაწილეობდა. 

"მინდა მოგაწოდოთ ინფორმაცია გია ხუხაშვილის ახალი საქმიანობის შესახებ ბიზნესრეკეტის მიმართულებით. ამჯერად, გია ხუხაშვილის მსხვერპლი არის სარეკლამო კომპანია Outdoor.ge. სერიოზული ზეწოლა მიმდინარეობს, რომ ეს კომპანია, რომელიც არის მილიონერ დავით იაკობაშვილის, გადაფორმდეს ვინმე გიორგი ღამბაშიძეზე. გიორგი ღამბაშიძე არის რუსული კომპანია "ნიკოლოემის" დირექტორთა საბჭოს წევრი. ის სხვადასხვა დროს მუშაობდა საქართველოში. მონაწილეობდა სხვადასხვა საარჩევნო კამპანიებში, კერძოდ, უფრო ინტენსიურად შევარდნაძის დროს და მან ასევე მონაწილეობა მიიღო ბიძინა ივანიშვილის საარჩევნო კამპანიაშიც. რამდენიმე თვის წინ, გია ხუხაშვილის დავალებით, გიორგი ღამბაშიძე არაოფიციალურად ჩასვეს Outdoor.ge-ში. დღეს, ხუხაშვილის სურვილია, რომ ეს კომპანია მთლიანად გადავიდეს მის მფლობელობაში და გადაფორმდეს ღამბაშიძეზე. ამ კომპანიის მფლობელებს შეუთვალეს, რომ ისინი მზად არიან გადაიხადონ ამ ბიზნესში 2 მილიონი, მაგრამ მას შემდეგ, რაც ეს კომპანია გამოიმუშავებს ამ თანხას, ანუ "პოსლეზე" გადაუხდიან თანხას. ამ კომპანიის საბაზრო ფასი კი არის 10-12 მილიონი ლარი", - აღნიშნა ნადირაშვილმა.

მისივე თქმით, დავით იაკობაშვილის ყველა ბიზნესზე ზეწოლა ხორციელდება და გამორიცხული არ არის, რომ მან ამ ინფორმაციის საჯაროდ დადასტურებისგან თავი შეიკავოს. "არ გამოვრიცხავ, რომ ამ ინფორმაციის საჯაროდ დადასტურებისგან თავი შეიკაოს თავად დავით იაკობაშვილმა, რადგან ის საკმაოდ მძიმე მდგომარეობაშია. მის ყველა ბიზნესზე მიმდინარეობს ტოტალური ზეწოლა სახელმწიფოსგან. თითქმის ყველგან შესულია ან ფინანსური პოლიცია ან პროკურატურა. მე ვესაუბრე ამ კომპანიის არაერთ თანამშრომელს. ისინი პირად საუბრებში ადასტურებენ, რომ სწორედ ეს პროცესები მიმდინარეობს ამ სარეკლამო კომპანიაში. ამ საკითხზე მონიტორინგს გავაკეთებთ. თუ ეს კომპანია უახლოეს მომავალში გადაფორმდა ან გია ღამბაშიძეზე ან სხვა პირზე, დასკვნების გაკეთება მარტივი იქნება", - აღნიშნა ნადირაშვილმა.

მისივე თქმით, გია ხუხაშვილი ბიზნესზე რეკეტს "ქართული ოცნებისა" და ბიძინა ივანიშვილის სახელით ახდენს. "ფაქტია, რომ ტოტალურად ხდება ბიზნესზე ზეწოლა ხუხაშვილის მხრიდან. ძალიან სამწუხაროა, რომ სწორედ ბიზნესრეკეტით ცნობილი ხუხაშვილი დაინიშნა პრემიერის მრჩევლად. პრემიერმა არაერთხელ აღნიშნა, რომ ხუხაშვილი დაეხმარა არაერთი ბიზნესის სახელმწიფოსთვის დაბრუნებაში და მე არ ვიცი რას გულისხმობდა. მე ვიცი, რომ ხუხაშვილი ბიზნესრეკეტს აწარმოებს ბიძინა ივანიშვილისა და "ქართული ოცნების" სახელით", - განაცხადა ნადირაშვილმა.