ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე ზურაბ ხარატიშვილმა, ბაღდათის რაიონის პოლიციის უფროსის ქმედებებთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს წერილობით მიმართა.
ბ-ნო ირაკლი,
მოგმართავთ, რათა უზრუნველყოთ კანონის მოთხოვნათა შესრულება თქვენს უშუალო დაქვემდებარებაში მყოფი პირის მიერ.
საკითხი ეხება ბაღდათის რაიონის პოლიციის უფროსის ქმედებას, რომელიც კანონით დადგენილი მოთხოვნების მიუხედავად არ ცხადდება ბაღდათის №52 საოლქო საარჩევნო კომისიაში ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში მონაწილეობის მისაღებად. ამ ქმედებით იგი არღვევს კანონს და აფერხებს საარჩევნო ადმინისტრაციის საქმიანობას.
როგორც თქვენთვის უკვე ცნობილია, 2013 წლის 27 აპრილს არასამთავრობო ორგანიზაციის ,,ახალი თაობა დემოკრატიული არჩევნები” მიერ ბაღდათის №52 საოლქო საარჩევნო კომისიაში შემოსულია საჩივარი. როგორც მომჩივანი აცხადებს, ბაღდათის საარჩევნო ოლქის №10 საარჩევნო უბანთან იდგა ავტომობილი სახელმწიფო ნომრით FXF-382, რომელიც ადგილობრივი პოლიციის უფროსის, გელა მშვილდაძის, სამსახურეობრივი ავტომობილია და ამ ავტომობილში მან მოიხმო საუბნო საარჩევნო კომისიის წევრი და დამკვირვებლები აგიტაციის მიზნით. საჩივარს თან ახლავს ფოტოსურათები, რომლებზეც აღბეჭდილია საარჩევნო უბნის წინ გაჩერებული ავტომობილი და პოლიციელები.
მომჩივანი ითხოვს პოლიციის უფროსის, გელა მშვილდაძის მიმართ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შედგენას საქართველოს ორგანული კანონის ,,საქართველოს საარჩევნო კოდექსი” 79-ე მუხლის შესაბამისად, ამავე კოდექსის 45-ე მუხლის მე-4 პუნქტის ”გ” ქვეპუნქტისა და 48-ე მუხლის პირველი პუნქტის ”გ” ქვეპუნქტის დარღვევათა გამო. ზემოხსენებული ითვალისწინებს სამართალდამრღვევის 2,000 ლარით დაჯარიმებას.
ბაღდათის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მიერ, ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში, საქმის დეტალურად შესწავლის მიზნით, პოლიციის უფროსი გელა მშვილდაძე არაერთხელ იქნა დაბარებული საოლქო საარჩევნო კომისიაში შესაბამისი ახსნა-განმარტების მისაცემად.
ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 252.2 მუხლისა და საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ 93.5 მუხლის შესაბამისად, საარჩევნო ადმინისტრაცია უფლებამოსილია მიმართოს პოლიციას პირის გამოცხადების უზრუნველსაყოფად. ვინაიდან საქმე ეხება რაიონის პოლიციის უფროსს, ვფიქრობთ მისი ბაღდათის №52 საოლქო საარჩევნო კომისიაში გამოცხადების უზრუნველყოფა შინაგან საქმეთა სამინისტროს კომპეტენციაა.