გრძელდება ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის ვიზიტი საქართველოში. ვიზიტის ფარგლებში, საპარლამენტო ასამბლეის წარმომადგენლებმა დღეს შს სამინისტროს საგანგებო და სპეციალური ღონისძიებების ცენტრის იალღუჯას სასწავლო ბაზა მოინახულეს, სადაც საჩვენებელი ვარჯიში გაიმართა. ვარჯიშის დროს წარმოდგენილი იყო ანტიტერორისტული ოპერაციის კომპონენტები, რომლებშიც შსს-ს სპეციალურმა დანაყოფებმა განაღმვის, მძევლების გათავისუფლებისა და ავტობუსის შტურმის პრაქტიკული უნარები წარმოაჩინეს. შინაგან საქმეთა მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი საჩვენებელ ვარჯიშს სტუმრებთან ერთად დაესწრო.
იალღუჯას სასწავლო მომზადების ბაზის დათვალიერების შემდეგ სტუმრები შსს-ს მომსახურების სააგენტოს ეწვივნენ და ადგილზე გაეცნენ მართვის მოწმობებისა და სახელმწიფო სანომრე ნიშნების გაცემის გამარტივებულ პროცედურებს.