“112”-ის დირექტორის სამუშაო ვიზიტი რიგაში დასრულდა

“112”-ის დირექტორის სამუშაო ვიზიტი რიგაში დასრულდა

შინაგან საქმეთა სამინისტროს დეპარტამენტის - “112”-ის დირექტორი, გიორგი ბიჭაშვილი სამდღიანი სამუშაო ვიზიტით ლატვიაში იმყოფებოდა. იგი რიგაში გამართულ „ევროკავშირის საგანგებო სიტუაციაციების სამსახურების კონფერენცია 2013“ -ს დაესწრო.

ვიზიტის მიზანი იყო, ევროპის მაშტაბით, საგანგებო სიტუაციების მართვის სფეროში გამოცდილების გაზიარება, სხვადასხვა ქვეყნის პრაქტიკასა და იქ მოქმედი საგანგებო
სიტუაციების მართვის ცენტრების სპეციფიკის გაცნობა.

ყოველწლიურ კონფერენციაზე, საქართველოს წარმომადგენელნი პირველად იყვნენ მიწვეულნი. მასში 30 ქვეყნის 400-მდე წარმომადგენელი მონაწილეობდა . მონაწილეობას იღებდნენ როგორც საერთაშორისო დონის ექსპერტები, ისე გადაუდებელი დახმარებისსფეროს წარმომადგენლები, საჯარო პირები თუ კერძო სექტორის წარმომადგენლები. მნიშვნელოვანია, რომ ევროკავშირის საგანგებო სიტუაციების სამსახურების ერთიანი კონფერენციის ფარგლებში დაიგეგმა იმ უმაღლესი თანამდებობის პირთა ვიზიტები, რომელთაც აღნიშნულ სფეროში უდიდესი წვლილი აქვთ შეტანილი.

ვიზიტის ფარგლებში “112”-ის დირექტორმა პირადად დაათვალიერა რიგაში არსებული საგანგებო სიტუაციების მართვის ცენტრები და კოლეგებისგან მიიღო ინფორმაცია ერთიანი გადაუდებელი დახმარების ნომრის - „112“-ის მუშაობის სპეციფიკის შესახებ. გარდა ამისა, დაათვალიერა გამოფენა, სადაც გაეცნო უახლეს ტექნოლოგიებსა და მიღწევებს
გადაუდებელი დახმარების მართვის სფეროში.

ასევე, გიორგი ბიჭაშვილი დაესწრო 112-ის დაჯილდოების ცერემონიას, სადაც კონკრეტულ პირებსა და ორგანიზაციებს, რომლებიც აქტიურად იყვნენ ჩართულნი ერთიანი ევროპული  ნომრის - 112-ის მომსახურების გაუმჯობესებისა და ცნობადობის გაზრდაზე, სპეციალური ჯილდოები გადაეცათ.

ამ ღონისძიებაში ქართული მხარის ჩართულობა ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან კონფერენციაზე მიღებული გამოცდილება, მათ შორის, სხვადასხვა ქვეყნის პრაქტიკის გაზიარება, საერთაშორისოდ აღიარებულ ექსპერტთა მოსაზრებების გაცნობა და მათგან მიღებული რეკომენდაციები ,,112”-ს დაეხმარება, სწრაფად და ეფექტურად აღმოუჩინოს დახმარება, როგორც საქართველოს მოქალაქეეებს, ასევე საქართველოს ტერიტორიაზე მყოფ ტურისტებს.