სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ ბელორუსის რესპუბლიკის სოფლის მეურნეობისა და სურსათის მინისტროს პირველ მოადგილეს ლეონიდ მარინიჩს სოფლის მეურნეობაში დღეისათვის არსებული ვითარება გააცნო.
სტუმრები დაინტერესდნენ საქართველოს მთავრობის 2013 წლის საგაზაფხულო პროგრამის ფარგლებში მიმდინარე პროექტებით.
მინისტრის მოადგილემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ დღეს ხელისუფლებისთვის სოფლის მეურნეობის განვითარება პრიორიტეტულია არა მხოლოდ დეკლარაციის დონეზე, არამედ პრაქტიკულად. „მცირემიწიან ფერმერთა საგაზაფხულო სამუშოების მხარდაჭერის პროგრამაზე“ და „შეღავათიანი აგროკრედიტის“ პროექტზე საუბრისას დავით ნატროშვილმა ისაუბრა იმ კონკრეტულ მხარდაჭერაზე, რომელსაც დღეს იღებენ როგორც მცირე საოჯახო მეურნეობის მქონე გლეხები, ასევე საშუალო და დიდი ფერმერული მეურნეობების მესაკუთრეები და ის მეწარმეები, ვინც მზად არიან სოფლის მეურნეობის გადამამუშავებელი საწარმოები ააშენონ. შეხვედრაზე მინისტრის მოადგილემ სოფლის მეურნეობის განვითარების სამომავლო ხედვის განხილვას განსაკუთრებული ყურადღება დაუთმო.
ლეონიდ მარინიჩმა დადებითად შეაფასა მთავრობის საგაზაფხულო პროგრამის ფარგლებში მიმდინარე პროექტები. „ბელორუსის მხარე მოხარული იქნება აქტიურად ითანამშრომლოს საქართველოსთან სოფლის მეურნეობის დარგში. ჩვენ გვაქვს საკმაოდ დიდი გამოცდილება ამ სფეროში და მზად ვართ ეს გამოცდილება გავუზიაროთ ჩვენს ქართველ კოლეგებს. ჩვენ გვაქვს კონკრეტული შემოთავაზებები და იმედი გვაქვს, რომ ქართული მხარე დაინტერესდება ჩვენი წინადადებებით“ - განაცხადა ბელორუსის რესპუბლიკის სოფლის მეურნეობისა და სურსათის მინისტრის პირველმა მოადგილემ ლეონიდ მარინიჩმა.
მხარეები შეთანხმდნენ, რომ შეიქმნება სპეციალური სამუშაო ჯგუფი, რომელიც დასახავს საქართველოსა და ბელორუსის სამინისტროებს შორის თანამშრომლობის კონკრეტულ გზებს და შეიმუშავებს სათნადო მექანიზმებს.