საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართულ უნივერსიტეტში მერაბ კოსტავას ხსოვნისადმი მიძღვნილ ლიტერატურულ წარმოდგენას მართავს ხარაგაულის რეზო თაბუკაშვილის სახელობის სახალხო ლიტერატურული თეატრი.
წარმოდგენას სახელწოდებით - „საქართველოს შიშველი სატევარი“ ძირითადად საპატრიარქოს უნივერსიტეტის სტუდენტები დაესწრებიან.
ეს იქნება ერთ საათში ჩატეული და ზეპირი მეტყველებით გადმოცემული საქართველოს ეროვნული გმირის - მერაბ კოსტავას ცხოვრება და მოღვაწეობა, დაბადებიდან მოყოლებული გარდაცვალებამდე, რომელსაც წარმოადგენს იზა ვეფხვაძე - რეზო თაბუკაშვილის სახელობის ხარაგაულის ლიტერატურული თეატრის დამაარსებელი, რეჟისორი, მსახიობი და ზემოხსენებული წარმოდგენის სცენარის ავტორი.
ვინც ერთხელ მაინც დასწრებია იზა ვეფხვაძის მიერ გამართულ ლიტერატურულ წარმოდგენას ოტია იოსელიანზე, გოდერძი ჩოხელზე, ესმა ონიანზე, რეზო თაბუკაშვილზე, მისთვის ზედმეტია იმის ახსნა, რომ მერაბ კოსტავას ხსოვნისადმი მიძღვნილი ერთსაათიანი ლიტერატურული წარმოდგენა იქნება უაღრესად საინტერესო, ემოციურად დატვირთული და შთამბეჭდავი.
ლიტერატურული წარმოდგენის „საქართველოს შიშველი სატევარი“ საპატრიარქოს უნივერსიტეტში გამართვის იდეა ამავე უმაღლესი სასწავლებლის რექტორს სერგო ვარდოსანიძეს ეკუთვნის, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ დასწრება სტუდენტებისა და პროფესორ-მასწავლებლების გარდა სხვას არავის შეუძლია.
ვისაც ახსოვს და სამაგალითოდ მიიჩნევს მერაბ კოსტავას ცხოვრებასა და მოღვაწეობას, ვისაც აინტერესებს გაიგოს ვინ იყო ეს ადამიანი და რატომ უწოდებენ მას ქართველი ერის სინდისს, მას შეუძლია 17 აპრილს, 13 საათზე მივიდეს საპატრიარქოს უნივერსიტეტში (ილია ჭავჭავაძის გამზირი 53ა) და დაესწროს ლიტერატურულ წარმოდგენას, სახელწოდებით - „საქართველოს შიშველი სატევარი“.
აქვე შეგახსენებთ, რომ ამ წარმოდგენის პრემიერა 2012 წლის 13 ოქტომბერს, ხარაგაულში გაიმართა. 28 ოქტომბერს იზა ვეფხვაძემ „საქართველოს შიშველი სატევარი“ საპატრიარქოს ტელევიზიის „ერთსულოვნება“ დარბაში გამართა. იმავე წლის 15 ნოემბერს კი მერაბ კოსტავას ხსოვნისადმი მიძღვნილი ლიტერატურული წარმოდგენა თბილისის მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლეში ჩატარდა.