ჩეხური წარმოების თანამედროვე ტექნიკა საგაზაფხულო პროგრამაში ჩაერთვება

ჩეხური წარმოების თანამედროვე ტექნიკა საგაზაფხულო პროგრამაში ჩაერთვება

სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით კირვალიძე და ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი კარელ შვარცენბერგი, ასევე ჩეხეთის ვაჭრობისა და მრეწველობის მინისტრის მოადგილე მილან ჰოვორკა და ჩეხეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში ივან იეშტრაბი ორხევში შპს ,,მექანიზატორის“ სერვისცენტრში იმყოფებოდნენ, სადაც ჩეხური წამყვანი კომპანია ,,ზეტორის“ წარმოებული თანამედროვე ტექნიკა დაათვალიერეს.

,,ზეტორი“ ერთერთი წამყვანი სამრეწველო ბრენდია ჩეხეთის რესპუბლიკაში. მათი ტრაქტორები ყველანაირ კლიმატურ პირობებში ხარისხიანად ასრულებს სამუშაოებს. იმედი გვაქვს, რომ აღნიშნული ტექნიკა საქართველოშიც გაამართლებს და სოფლის მეურნეობის დარგის განვითარებაში ჩეხეთის მცირედი წვლილიც იქნება“, -აღნიშნა ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა კარელ შვარცენბერგმა.

შპს ,,მექანიზატორმა“ 2013 წლის საგაზაფხულო სამუშაოების გამართულად ჩატარების მიზნით, ჩეხური სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის მწარმოებელი კომპანიისგან „ზეტორი“ შეიძინა 50 ერთეული (117 ცხენის ძალიანი) PROXIMA POWER 120 და 100 ერთეული (136 ცხენის ძალიანი) FORTERA 140. აღნიშნული შეთანხმება პირველი ჩეხურ-ქართული მსხვილი პროექტია სოფლის მეურნეობის სფეროში.

,,ეს ტრაქტორებიც საგაზაფხულო პროგრამისთვის განკუთვნილი ტექნიკის ნაწილია. პროგრამის ფარგლებში შემოდის მსოფლიოს სხვადასხვა წამყვანი ბრენდის 300 ერთეული სასოფლო-სამეურნეო ტექნიკა, მათ შორის 150 ერთეული ჩეხური წარმოების მაღალი ხარისხის ტრაქტორი. აღნიშნული ტექნიკა შემოსვლისთანავე საგაზაფხულო პროგრამაში ჩაერთვება და შეუდგება მუშაობას. სასოფლო -სამეურნეო ბარათების საშუალებით, აღნიშნული თანამედროვე ტექნიკის  გამოყენებით მოსახლეობას საშუალება ეძლევა სრულყოფილად დაამუშაოს მიწის ფართობები“- განაცხადა დავით კირვალიძემ.

სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის წარმოების თვალსაზრისით, ,,ზეტორი“ ჩეხეთის რესპუბლიკის მოწინავე კომპანიაა და მისი პროდუქცია მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში იყიდება. კომპანია 1946 წელს დაარსდა და დღემდე 1,200,000 ერთეული ტრაქტორი აქვს გაყიდული.

კომპანია ტრაქტორებს ISO 9001 სტანდარტის შესაბამისად აწარმოებს. ტექნიკა აკმაყოფილებს საერთაშორისო სტანდარტებს, აქვს სრულყოფილი დიზაინი და რაც მთავარია გამოირჩევა საწვავის ეკონომიური ხარჯვით, რაც შესაბამისად ფერმერებს თანხის დაზოგვის საშუალებას აძლევს.

შპს ,,მექანიზატორი“ სოფლის მეურნეობის სამინისტროს დახმარებით მომავალშიც აპირებს სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების სხვადასხვა წამყვანი კომპანიების წარმოებული ტექნიკის შეძენას.