ევროპული გამოცემა Euractiv აქვეყნებს საერთაშორისო პოლიტიკის ექსპერტების – მაიკლ ნატორსკისა და რიმ კორტევიგის მოსაზრებებს "ევროპის სამეზობლო პოლიტიკის" განხორციელების შესახებ ანგარშის თაობაზე, რომელიც ორიოდ კვირის წინ გამოქვეყნდა.
2012 წლის ანგარიში 12 ქვეყანას ეხებოდა, მათ შორის, საქართველოსაც. ანგარიშში საქართველოზე აღნიშნული იყო, რომ საქართველოს ერთ-ერთი მთავარი მიღწევა დემოკრატიული საპარლამენტო არჩევნებია და ქვეყანამ მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა აზრისა და გამოხატვის თავისუფლების კუთხით. ასევე საქართველომ მნიშვნელოვანი პროგრესი აჩვენა ევროკავშირის ძირითადი რეკომენდაციების შესრულების მხრივ.
თუმცა, უცხოელი ექსპერტები მიიჩნევენ, რომ ანგარიშში აღნიშნული საქართველოს პროგრესი გადაჭარბებული შეფასება იყო. მათი განცხადებით, ქართულ საზოგადოებაში სტრუქტურული განხეთქილებაა, რის გამოც შესაძლებელია, გაჩნდეს დაძაბულობა და არადემოკრატიული ტენდენციები.
რაც შეეხება ანგარიშში მოცემულ დასკვნას, რომ 2012 წელს საქართველოში დემოკრატიული საპარლამენტო არჩევნები ჩატარდა და ქვეყანაში გაძლიერდა გამოხატვის თავისუფლება, ექსპერტი ნატორსკი მიიჩნევს, რომ დემოკრატიზაციასთან მიმართებაში საქართველოს პოლიტიკურ პრიორიტეტებთან დაკავშირებით "სეროიზული შეშფოთება" არსებობს.
"განუწყვეტელი პოლიტიკური კონფლიქტი მიდის ორ მმართველ პარტიას შორის, რომლებიც სხვადასხვა მეტ-ნაკლებად ლეგიტიმურ ინსტუმენტებს იყენებენ ბრძოლისთვის. მაგალითისთვის, ჩვენ ვხედავთ სასამართლო ძალის ბოროტად გამოყენებას პოლიტიკური მეტოქეების ჩამოშორების მიზნით", - აღნიშნავს მაიკლ ნატვორსკი.
"ანგარიშში ნაჩვენები პროგრესი არ ნიშნავს, რომ საქართველოში აღმოფხვრილია სირთულეები. კორუფცია კვლავაც რჩება შეშფოთების მთავარ საგნად, ასევე სასამართლო რეფორმის საკითხი, პრესის თავისუფლება და შრომითი უფლებები და, რა თქმა უნდა, ე.წ. სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის საკითხი", -აღნიშნა გამოცემა Euractiv-თან საუბრისას რიმ კორტევიგმა, ევროპული რეფორმების ცენტრის უფროსმა მკვლევარმა.