შინაგან საქმეთა მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის შეფასებით, ბათუმში, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თანამშრომლებსა და აჭარის შს მთავარი სამმართველოს უფროსს შორის მომხდარი ინციდენტი გაზვიადებულია და ვალერი თელიამ მხოლოდ პოლიციელის მუნდირი დაიცვა, რისი ვალდებულიც იყო.
"არაფერი განსაკუთრებული არ მომხდარა და მიმაჩნია, რომ ყველაფერი გაზვიადებული იყო. ადგილი ჰქონდა მხოლოდ აჭარის პოლიციის უფროსსა და ნასვამ მდგომარეობაში მყოფ მოქალაქეს შორის გარკვეულ დაძაბულ საუბარს. მან სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა აჭარის პოლიციის უფროსს. მინდა საზოგადოებას შევახსენო, რომ პოლიციელი და კონკრეტულად ვალერიან თელია 24 საათის განმავლობაში იცავს აჭარის მოსახლეობის უსაფრთხოებას. ეს ადამიანი სწორედ იმ დღეს, სწორედ იმ წუთებში მიემართებოდა ძალიან მნიშვნელოვანი ოპერაციის განსახორციელებლად, ვგულისხმობ ტრეფიკინგის ფაქტის გამოვლენას და მის გამოაშკარავებას. მე მოვისმინე განცხადებები, რომ ვიღაცამ ვიდეკამერების ჩანაწერები წაშალა და ჩვენ ეს დავმალეთ. თქვენ ნახეთ გენერალური ინსპექციის დაკვნა, იქ დეტალურადაა გაწერილი, რა მოხდა სინამდვილეში. არაფერი არ დაგვიმალავს, არაფრის აღიარება ჩვენ არ გვჭირდება, ჩვენ ვამბობთ სიმართლეს. ეს არის ჩემი პასუხი. აქვე მინდა გავმარტო, რომ ტექნიკოს თანამშრომელს რამე გადაცდომა ჰქონდა თუ არა და წაეშალა თუ წაშალა ჩანაწერი, ეს არ არის მნიშვნელოვანი, მნიშვნელვანია რომ ჩვენ ამოვიღეთ ალტერნატიული წყაროდან ფირები და გავავრცელეთ. წარმოიდგინეთ, რა მოხდებოდა აშშ-ში და ევროპის ნებისმიერი დემოკრატიულ ქვეყანაში, რომელიმე რეგიონის პოლიციის უფროსისთვის მოქალაქეს, მითუმეტეს, ნასვამ მდგომარეობაში მყოფს სიტყვიერი შეურაცხყოფა რომ მიეყენებინა. ძალიან გთხოვთ, ყველა კარგად დაფიქრდეთ. ვალერი თელიამ გამოიჩინა ნებისყოფა, რა თქმა უნდა, უსიამოვნოა და არ ვამმართლებ, არ ვფიქრობ რომ იდეალურად წარიმართა ყველაფერი _ შეიძლებოდა უფრო უკეთესადაც ყოფილიყო, მაგრამ მას აქვს მუნდირის ღირსების განცდა, ის არის პოლიციელი, აჭარის პოლიციის ხელმძღვანელი და ის იყო ვალდებული დაეცვა საკუთარი მუნდირი", - განუცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს ბათუმში რამდენიმე დღის წინ მომხდარ ფაქტზე გენერალური ინსპექციის დასკვნის საკითხზე კომენტირებისას.
მისივე აზრით, ინციდენტი ამოწურულია, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციასთან კი თანამშრომლობას გააგრძელებს.
"მე ვფიქრობ, ინციდენტი ამოწურულია. ის, რაც მოხდა, განიმუხტა. საიასთან ჩვენ გახსნილად ვითანამშრომლებთ. მინდა კიდევ ერთხელ განვმარტო, რომ ჩვენი საქმიანობა იქნება მაქსიმალურად გამჭვირვალე. ჩემი მოადგილე ლევან იზორია შეხვდა საიას ხელმძღვანელს, ჩვენ აბსოლუტური კომფორტი შევუქმენდით მას, რომ ჰქონოდა ინფორმაციასთან წვდომა", - აღნიშნა შს მინისტრმა.
ბათუმში, გრიბოედოვის ქუჩაზე საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის სამ თანამშრომელსა და აჭარის შს მთავარი სამმართველოს უფროსს ვალერი თელიას შორის ინციდენტი 28 მარტს მოხდა.
როგორც საია-ს იურისტი გიორგი ხიმშიაშვილი აცხადებს, ქუჩაში მოძრაობისას მათ აჭარის პოლიციის უფროსმა შეურაცხმყოფელი სიტყვებით მიმართა და მათი მიმართულებით ანთებული სიგარეტი ისროლა.
აღნიშნულთან დაკავშირებით შსს-მ იმავე დღეს ჯერ განცხადება გაავრცელა, სადაც აღნიშნული იყო, რომ საია-ს მძღოლი რომან ფარტენაძე ავტომანქანას ნასვამ მდგომარეობაში მართავდა და საგზაო მოძრაობის ნიშნებს არ დაემორჩილა, რითაც თელიას ავტომანქანას ავარიული სიტუაცია შეუქმნა, მოგვიანებით კი ფაქტის ამსახველი ვიდეომასალაც გაავრცელა, რომელიც ადგილზე ახლომდებარე ერთ-ერთი ობიექტის სათვალთვალო კამერითაა გადაღებული.
საია-ში შსს-ს ცალმხრივობაში ადანაშაულებდნენ და მიიჩნევდნენ, რომ მათი მძღოლის მიერ საგზაო წესების დარღვევის შემთხვევაშიც არ ჰქონდა ვალერი თელიას უფლება ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის წარმომადგენლებისთვის შეურაცხყოფა მიეყენებინა.
საია თელიასთვის უფლებამოსილების შეჩერებას მოითხოვდა, თუმცა შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ მომხდარ ფაქტზე დღეს დასკვნა გამოაქვეყნა და დაადგინა, რომ ვალერიან თელიას მიერ სამსახურებრივი გადაცდომა არ დასტურდება.