ჟენევის მოლაპარაკებების 23-ე რაუნდს, რომელიც ჟენევაში 26 და 27 მარტს მიმდინარეობდა, ევროპული გამოცემა Expatica ეხმაურება.
როგორც გამოცემა აღნიშნავს, ჟენევის მოლაპარაკებების ფარგლებში, რუსეთი და საქართველო მიუახლოვდნენ ერთობლივ განცხადებას ძალის გამოუყენებლობის შესახებ.
Expatica.com-ის ინფორმაციით, ორდღიანი მოლაპარაკებების შემდეგ, თანათავმჯდომარემ ევროკავშირის მხრიდან ფილიპ ლეფორმა ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ მხარეებმა "კონსტრუქციულად განიხილეს" წარმოდგენილი საკითხები.
"რუსეთმა და საქართველომ გაცვალეს მოსაზრებები და შეხედულებები და შეთანხმდნენ, გააგრძელონ მუშაობა უსაფრთხოების საკითხებზე მომავალი რაუდნის ფარგლებშიც, რომელიც 25 და 26 ივნისს დაიგეგმა", - განაცხადა ლეფორმა.
როგორც გამოცემა წერს, გარდა ძალების გამოუყენებლობისა, მოლაპარაკებების ფარგლებში მხარეებმა განიხილეს ისეთი საკითხები, როგორიც არის იძულებით გადაადგილებულ პირთა საკუთარ სახლებში დაბრუნება და სამშვიდობო ხაზს იქით დახმარების გაწევა.
"მათ რთული დისკუსიები ჰქონდათ, თუმცა ყველაფრის მიუხედავად, მოლაპარაკაბების ატმოსფერო კონსტრუქციული იყო. ეს კარგი პრეცედენტია იმისთვის, რომ მხარეები მომავალშიც გააგრძელებენ დისკუსიებს მიუხედავად იმ ფაქტისა, რომ უდიდესი პოლიტიკური სირთულეები გვაქვს, რომელიც უნდა დავძლიოთ", - ციტირებს გამოცემა გაერო-ს სპეციალური წარმომადგენლის, ჟენევის მოლაპარაკებების ერთ-ერთი თანათავმჯდომარის, ანტი ტურუნენის კომენტარს.
ეუთო-ს მხრიდან ჟენევის მოლაპარაკებათა თანათავმჯდომარე ანდრი დეშიცამ კი მადლობა გადაუხადა მონაწილეებს პოზიტიური მიღწევებისთვის და განაცხადა, რომ "ტერიტორიაზე უსაფრთხოების საკითხი გაუმჯობესდა".
გამოცემა Expatica ასევე აქვეყნებს საქართველოს საგარეო მინისტრის მოადგილისა და ჟენევაში საქართველოს დელეგაციის ხელმძღვანელის, დავით ზალკალიანის განცხადებას, რომელმაც ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, რომ "მოლაპარაკებები ჩვეულებრივ, საქმიან გარემოში წარიმართა".
როგორც გამოცემა აღნიშნავს, 2010 წლის ჟენევის მოლაპარაკებების ფარგლებში, საქართველომ ცალმხრივად გამოაცხადა რეგიონში ძალის გამოუყენებლობის შესახებ. ეს პოზიცია ხელახლა განმტკიცდა საქართველოში, ოქტომბერში გამართულ საპარლამენტო არჩევნებში ბიძინა ივანიშვილის გამარჯვების შემდეგ. ქართველი მაგნატი, - წერს გამოცემა, - რომელიც რუსეთში გამდიდრდა, საქართველოს პროდასავლური პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ანტი-მოსკოვურ რიტორიკას მკვეთრად უპირისპირდება. თუმცა, მიუხედავად ჟენევაში მიღწეული პროგრესისა, - წერს Expatica, - ზალკალიანი აცხადებს, რომ ერთობლივი დეკლარაცია "არ უნდა იქნას განხილული რუსეთის ცალმხრივი განცხადების შემცვლელად".
"რუსეთის საპასუხო დაპირება ძალის გამოუყენებლობის თაობაზე, დამატებით ბიძგს მისცემს ჩვენს მცდელობებს. ასე რომ, განცხადების გაკეთება მხოლოდ მას შემდეგ იქნება შესაძლებელი, რაც რუსული მხარე გააკეთებს ცალმხრივ, კანონით დავალებულ განცხადებას ძალის გამოუყენებლობის შესახებ", - ციტირებს გამოცემა დავით ზალკალიანის კომენტარს.