სოფლის მეურნეობაში იაფი და გრძელვადიანი სესხების გაცემა დაიწყება. ამის შესახებ სოფლის მეურნეობის მინისტრმა, დავით კირვალიძემ დღეს, სასტუმრო "თბილისი მარიოტში" სოფლებში შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტის პრეზენტაციაზე განაცხადა.
პრეზენტაციას სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით კირვალიძე, მინისტრის მოადგილე შალვა ფიფია და, ასევე, რამდენიმე ბანკის და საფინანსო ორგანოზაციების ხელმძღვანელი პირები ესწრებოდნენ.
როგორც პრეზენტაციაზე მინისტრმა განაცხადა, შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტი სოფლის მეურნეობის განვითარების ფონდმა დააფინანსა, ხოლო სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტო განახორციელებს.
მინისტრის განცხადებით, კოალიცია ასრულებს თავის დანაპირებს, შეღავათიანი და გრძელვადიანი სესხების კომპონენტში. მისი თქმით, ეს იქნება სტიმული სოფლის მეურნეობის განვითარებისათვის და გადამამუშავებელი მრეწველობისთვის.
"მინდა, მადლობა გადავუხადო მიკროსაფინანსო ინსტიტუტებს, რომლებიც ბოლო 3-4 თვის მანძილზე ინტენსიურად შრომობდნენ, რათა შეგვემუშავებინა ეს პროდუქტი, რომელსაც ჩვენ დღეს ვაცხადებთ. ეს არის ის გზა, რომელიც აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებმა გაიარა, საქართველოში ეს კიდევ უფრო წარმატებული იქნება", - აცხადებს კირვალიძე.
პროექტის პრეზენტაციაზე სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, შალვა ფიფიამ ისაუბრა. მისი განცხადებით, შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტში 11 ბანკი და ორი მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ჩაერთო.
"პროექტის ფარგლებში სამი სხვადასხვა კომპონენტი განიხილება. ყველა ბანკი და მიკროსაფინანსო ორგანიზაცია მონაწილეობს ერთ ან რამდენიმე პროექტში. რაც შეეხება კომპონენტებს, პირველი კომპონენტი გამიზნულია მცირე ფერმერებისთვის. ეს არის სასაქონლო განვადება 5 ათას ლარამდე. მეორე კომპონენტი გათვალისწინებული არის 5 000-10 000 ლარამდე საშუალო და მსხვილი ფერმერებისათვის, საპროცენტო განაკვეთი 8% იქნება, ეს იქნება ორწლამდე შეღავათიანი აგროკრედიტი. მესამე კომპონენტი გათვალისწინებულია სასოფლო-სამეურნეო საწარმოებისთვის, იმ პირებისთვის, რომელთაც აქვთ სასოფლო-სამეურნეო საწარმოები. ისინი მიიღებენ 7 წლამდე შეღავათიან კრედიტს და საკრედიტო თანხა შეადგენს 1 მილიონამდე ლარს. შეღავათიანი საპროცენტო განაკვეთი არაუმეტეს 3% იქნება. აღნიშნული კომპონენტით გათვალისწინებულია მინიმუმ 60 საწარმოს გახსნა", - აცხადებს ფიფია.
შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტში მონაწილეობას მიიღებენ შემდეგი ბანკები: "ბაზისბანკი" ბანკი "კონსტანტნა", ბანკი "რესპუბლიკა", ბანკი "ქართუ", "ვითიბი" ბანკი, "თიბისი" ბანკი, "კორსტანდარტ" ბანკი, "კრედო", "კრისტალი", "ლიბერთი ბანკი”, "პროკრედიტბანკი", "საქართველოს ბანკი" და "ხალიკბანკი".
პროექტის განხორციელებასთან დაკავშირებით, სასტუმრო "თბილისი მარიოტში" გაფორმდა მემორანდუმი სოფლის მეურნეობის სამინისტროს, სოფლის მეურნეობის განვითარების ფონდს, სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოსა და ზემოაღნიშნულ ბანკების ხელმძღვანელებს შორის.