21 მარტს ბათუმში საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და თურქეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტროს ეროვნული პოლიციის წარმომადგენელთა ერთობლივი კომისიის მე-4 სხდომა გაიმართა, რომელიც „საქართველოს მთავრობასა და თურქეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის შესახებ შეთანხმების" ფარგლებში ჩატარდა.
შეხვედრისას მხარეებმა ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის, ტრეფიკინგის, ტერორიზმისა და ორგანიზებული დანაშაულის სხვა სახეების წინააღმდეგ ერთობლივი ბრძოლის საკითხები განიხილეს. კომისიის წევრებმა ხელი მოაწერეს სხდომის ოქმს, რომელშიც ურთიერთთანამშრომლობის გეგმები განისაზღვრა.
შეხვედრას საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროდან ესწრებოდნენ: შს მინისტრის მოადგილე ალექსანდრე ტაბატაძე, შსს-ს კონტრტერორისტული ცენტრის, ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის, საქართველოში ინტერპოლის ეროვნული ცენტრალური ბიუროსა და შსს-ს საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის ხელმძღვანელი პირები. თურქეთის რესპუბლიკის მხრიდან მონაწილეობდნენ: თურქეთის ეროვნული პოლიციის გენერალური დირექტორის მოადგილე ზექი ჩათალქაია და თურქეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვა მაღალი თანამდებობის პირები.
ერთობლივი კომისიის სხდომა საქართველოსა და თურქეთის რესპუბლიკაში მონაცვლეობით იმართება.