პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით კირვალიძე საგაზაფხულო სამუშაოების მიმდინარეობას სოფელ თამარისში დაესწრნენ

პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით კირვალიძე საგაზაფხულო სამუშაოების მიმდინარეობას სოფელ თამარისში დაესწრნენ

საქართველოს მთავრობის მიერ ინიცირებული მცირემიწიან ფერმერთა ხელშეწყობის საგაზაფხულო პროგრამა მთელი ქვეყნის მასშტაბით აქტიურად მიმდინარეობს. 

დღეს, პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით კირვალიძე მარნეულის რაიონის სოფელ თამარისში საგაზაფხულო სასოფლო-სამეურნეო სამუშაოების მიმდინარეობას დაესწრნენ.

,,ეს არ არის პრეცედენტი და საჩვენებელი ფაქტი. მთელი საქართველოს მასშტაბით ესეთი სურათია. ყველგან მასიურად იხვნება და მუშავდება მიწა, სუფთავდება არხები, რომ სარწყავი წყალი ჰქონდეს მოსახლეობას. ჩვენ ვაკეთებთ ყველაფერს და იმაზე მეტს, რასაც დავპირდით ხალხს. პირველ რიგში ვიწყებთ იმით, რომ უნდა აღორძინდეს სოფლის მეურნეობა და გლეხს საშუალება ჰქონდეს, რომ ღირსეულად იცხოვროს საკუთარ სოფელში. გარწმუნებთ, რაც დრო გავა უფრო და უფრო აღორძინდება ქართული სოფელი და მთლიანად საქართველო“, - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

პრემიერ-მინისტრი და სოფლის მეურნეობის მინისტრი ადგილობრივ მოსახლეობასც შეხვდნენ, მათ პრობლემები მოისმინეს და დახმარებაც აღუთქვეს.

,,დღეისთვის 600 ათასზე მეტი კომბინირებული და 400 ათასზე მეტი ნომინალური ბარათი უკვე დაურგიდა მოსახლეობას. აღმოსავლეთ საქართველოში დღეს ფართომასშტაბიანი სასოფლო-სამეურნეო სამუშაოები მიმდინარეობს. თუ ამინდმაც ხელი შეგვიწყო უახლოეს დღეებში ეს სამუშაოები დასრულდება და აქ მობილიზებული მთელი სასოფლო-სამეურნეო ტექნიკა დასავლეთ საქართველოში გადაინაცვლებს“, - განაცხადა დავით კირვალიძემ.

მცირემიწიან ფერმერთა ხელშეწყობის საგაზაფხულო პროგრამის ფარგლებში თამარისის თემში დარიგდა 674 კომბინირებული და 567 ნომინალური ბარათი. აღნიშნულ თემში მოხნულია 70 ჰა მიწის ფართობი. სოფელ თამარისში, სახნავ ტერიტორიასთან სარწყავი არხის სარეაბილიტაციო სამუშაოებიც მიმდინარეობს.

საგაზაფხულო პროგრამის ფარგლებში ქვემო ქართლის რეგიონში ჯამში დარიგდა 63 070 კომბინირებული და 54 554 ნომინალური ბარათი. მოხნულია 20 000 ჰა მიწის ფართობი. ქვემო ქართლში ხვნის პროცესი მარტის ბოლოს დასრულდება.

მთელი საქართველოს მასშტაბით მცირემიწიან ფერმერთა ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში სასოფლო-სამეურნეო ბარათს 700 000-ზე მეტი ბენეფიციარი მიიღებს.
პირველ ეტაპზე რიგდება კომბინირებული ბარათი, რომელიც მიწის ხვნისა და დადისკვა/გაფხვიერების სამუშაოებს ითვალისწინებს.

მეორე ეტაპზე დარიგდება ნომინალური სასოფლო-სამეურნეო ბარათი, რომელიც განკუთვნილია სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების საქონლისა და ინვენტარის შესაძენად.

ქვემო ქართლის, შიდა ქართლის, მცხეთა-მთიანეთის, კახეთის, იმერეთის, გურიის, სამეგრელოსა და აჭარის რეგიონებში ამ დროისათვის 560 494 მიწის მესაკუთრემ კომბინირებული, ხოლო 400 000 ბენეფიციარმა ნომინალური ბარათი უკვე მიიღო.

ბარათების გამოყენებით ქვემო ქართლში, შიდა ქართლში, მცხეთა-მთიანეთში, კახეთსა და იმერეთში უკვე მოიხნა 65 ათასი ჰექტარი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწა.

0.25 ჰექტარზე მცირე ზომის მიწის მესაკუთრეები, რომელთა კუთვნილ ნაკვეთებშიც ტექნიკის შესვლა დიდ სირთულეებთანაა დაკავშირებული, მიიღებენ 100 ლარის ღირებულების მხოლოდ ნომინალურ სასოფლო-სამეურნეო ბარათს, რომლითაც შეეძლებათ მხოლოდ შესაბამისი ღირებულების სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების საქონლის და ინვენტარის შეძენა;

0.25 - ჰა-დან 1.25 ჰა-ს ჩათვლით მიწათმესაკუთრეები (ეს არის ბენეფიციართა ძირითადი ჯგუფი), რომელთაც გააჩნიათ სახნავი ფართობი, მიიღებენ 2 ტიპის - კომბინირებულ და ნომინალურ სასოფლო-სამეურნეო ბარათებს. კომბინირებული სასოფლო-სამეურნეო ბარათი შედგება 2 კომპონენტისგან: ნიადაგის ხვნა და ხნულის დადისკვა/გაფხვიერება;

ნომინალური ბარათით შესაძლებელია სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების საქონლის და ინვენტარის შეძენა (1 ჰა-ზე 300 ლარის გაანგარიშებით).

ის ფერმერები, რომელთაც აქვთ ანალოგიური ზომის მრავალწლიანი ნარგაობა, მიიღებენ მხოლოდ ნომინალურ სასოფლო-სამეურნეო ბარათს 510 ლარის ღირებულებით 1 ჰექტარზე გადაანგარიშებით, რომლითაც შეეძლებათ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების საქონლისა და ინვენტარის შეძენა მომწოდებლებისგან;

1.25-ჰადან 5 ჰა-მდე სახნავი ფართობის, ან მხოლოდ მრავალწლიანი ნარგაობის მქონე ფერმერები მიიღებენ 640 ლარის ღირებულების მხოლოდ ნომინალურ სასოფლო-სამეურნეო ბარათს, რომლითაც შეეძლებათ მხოლოდ შესაბამისი ღირებულების სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების საქონლის და ინვენტარის შეძენა მომწოდებლებისგან;