ნოდარ ხადური:

ნოდარ ხადური: "არავის აქვს ილუზია, რომ ბიუჯეტი ერთ წელიწადში, მით უმეტეს წელს მოახერხებს საბჭოთა ანაბრების გასტუმრებას"

საქართველოს ფინანსთა მინისტრის ნოდარ ხადურის განცხადებით, "არავის აქვს იმის ილუზია, რომ ბიუჯეტი ერთ წელიწადში, მით უმეტეს წელს მოახერხებს საბჭოთა ანაბრების გასტუმრებას".

ამის შესახებ მინისტრმა "პრაიმ თაიმისთვის" მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.

კითხვაზე - თუ აპირებს ახალი მთავრობა საბჭოთა ანაბრების გასტუმრების თემაზე მუშაობას, ხადურმა უპასუხა, რომ ამ პრობლემისადმი ინსტიტუციური მიდგომაა საჭირო.

"არსებობს კანონი, რომლის თანახმადაც ეს ანაბრები აყვანილია საქართველოს სახელმწიფო საშინაო ვალში. თუმცა, ერთი პრობლემა ის არის, რომ ჩვენ არ გვაქვს ეს ზუსტად დათვლილი. ამიტომ ფინანსთა სამინისტროში შექმნილია სპეციალური კომისია, რომელიც მუშაობს სახელმწიფოს შიდა ვალზე, ჩვენ უნდა გადავთვალოთ. ჩვენი ამოცანაა, უპირველეს ყოვლისა, დავადგინოთ და შემდეგ ვიფიქროთ იმაზე, თუ რა მექანიზმები შეიძლება, გამოიძებნოს ამისთვის. სხვადასხვა გათვლები არსებობს. თავისთავად არავის აქვს იმის ილუზია, რომ ბიუჯეტი ერთ წელიწადში, მით უმეტეს წელს, მოახერხებს ამის გასტუმრებას, მაგრამ ჩვენ ინსტიტუციურად უნდა შევხედოთ ამ პრობლემას და ერთხელ და სამუდამოდ საბოლოოდ უნდა ვთქვათ, რამდენი გვაქვს საშინაო ვალი", – განაცხადა ხადურმა.