"თელასის" მენეჯერის, ნიკა ლომინაძის ოჯახს მკვლელობისთვის სამუდამო პატიმრობამისჯილი გია გვიჩიანი ღია წერილით მიმართავს. ღია წერილი ჟურნალისტებს გვიჩიანის ადვოკატმა გელა ნიკოლაიშვილმა გააცნო.
როგორც წერილშია აღნიშნული, დაზარალებული ნიკა ლომინაძის მამა ნოდარ ლომინაძე უსაფუძვლოდ, დამნაშავედ კვლავ გია გვიჩიანს მიიჩნევს.
"უფრო მეტიც, ბატონი ნოდარი წუხს იმაზე, რატომ მყავს ადვოკატები. თავის დროზე სააკაშვილის სასამართლომ ადვოკატები გამიძევა პროცესიდან და დაცვის გარეშე გამასამართლა. იმედია, სააკაშვილისნაირად არავის არ წარმოუდგენია სამართლიანობა. 7 წლის წინ სოდ-მა და ადეიშვილის პროკურატურამ შეცდომაში შეიყვანეს დაზარალებული და დაარწმუნს, რომ ნოდარ გვიჩიანის აღიარებითი ჩვენებით საქმე გახსნილი იყო", _ აღნიშნავს ღია წერილში გია გვიჩიანი.
გვიჩიანი წერს, რომ მის წინააღმდეგ არსებობს მხოლოდ ერთი ადამიანის, მრავალჯერ ნასამართლევი თაღლითის, ნოდარ გვიჩიანის ჩვენება.
"უცნაურია, რატომ სჯერა ბრმად დაზარალებულს კრიმინალის, რომელმაც მანამდე 200 000 დოლარი დასტყუა კალაძეების ოჯახს გატაცებული ლევან კალაძის ვითომდა დასაბრუნებლად. შემდგომ კი, შეცდომაში შეიყვანა შს სამინისტრო, აფრასიძეები ჩააცხრილინა და მათი საგვარეულო სასაფლაო ტყუილად გაათხრევინა ლევან კალაძის ნეშტის საპოვნელად. ნუთუ არ დაეჭვდა დაზარალებული ნოდარ ლომინაძე ასეთი რეპუტაციის ადამიანის მიერ მიცემული ჩვენების სანდოობაში", - აღნიშნული ღია წერილში.
გია გვიჩიანი ასევე აცხადებს, რომ მისთვის უცნაურია, რატომ არ სჯერა დაზარალებულს ბალისტიკური ექსპერტიზის და ამის ნაცვლად, უსიტყვოდ სჯერა "ადეიშვილის პროკურატურის მიერ წარდგენილი ძვლის წელვადობა-კუმშვადობის თეორიის."
"სასამართლოს განაჩენით, ბალისტიკური და სამედიცინო ექსპერტები თურმე არაკომპეტენტურები არიან, ხოლო ძვალი ბუნებრივად იწელება და იკუმშება. 21-ე საუკუნეში ადამიანის გასამართლება ბუნების საწინააღმდეგო კანონებით სააკაშვილის რეჟიმის სახეა, მაგრამ ამავდროულად აუხსნელი და გასაოცარია, როგორ შეიძლება დაზარალებულს ეს ყველაფერი დაეჯერებინა. ისეთი შთაბეჭდილება მექმნება, რომ ლომინაძეების ოჯახი გადაღლილია ამ გაურკვევლობისგან და ამიტომ მიიღო საქმის გახსნის ასეთი ვერსია. მე და ჩემი ადვოკატები გამუდმებით ვითხოვდით და კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ ბატონ ნოდარ ლომინაძეს, აიყვანოს ადვოკატი და გაეცნოს საქმის მასალებს, წინააღმდეგ შემთხვევაში მისი პოზიცია ბრმა და უსამართლო იქნება", - აცხადებს წერილში გია გვიჩიანი.
მისი თქმით, ამ საქმის გაყალბებას, ოთხი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა.
"სოდ-ის გამომძიებელი პაატა კუპრაშვილი საქმის დასრულების შემდეგ ინფარქტით გარდაიცვალა. სრულიად ახალგაზრდა კაცს ორჯერ დაემართა ინფარქტი, პირველად, როდესაც დნმ-ის ანალიზის პასუხის მოსვლის შემდეგ, რომელიც დამალეს, ხოლო მეორედ, საქმის დამთავრების შემდეგ. საპყრობილეში მეტად საეჭვო ვითარებაში ჩამოხრჩობით დაასრულა სიცოცხლე გენერალმა დავით კეკუამ და კრიმინალმა ნუგზარ გვიჩიანმა. უსამართლობას ვერ გაუძლო და სააპელაციო სასამრთლოს მიმდინარეობისას ინფარქტით გარდაიცვალა მამაჩემი. ჩემი ოჯახი დღემდე გლოვაშია, მე კი ცხოვრება დამინგრიეს და უკვე 7 წელია საპყრობილეში ვარ გამოკეტილი", - აცხადებს წერილში გია გვიჩიანი.
მისი თქმით, სწორედ აქედან გამომდინარე, დღეს მიმართავს სააპელაციო სასამართლოს საქმის გადახედვის მოთხოვნით ახლად აღმოჩენილი გარემოებების გამო.
"თუკი სააპელაციო სასამართლო რაიმე მიზეზით უარს მეტყვის საქმის გადახედვაზე, მაშინ დაველოდები მართლმსაჯულების ხარვეზების შემსწავლელ კომისიას და სამართალი მაინც აუცილებლად გაიმარჯვებს. ჩემი მიზანი არის სამართლიანობის აღდგენა, ამიტომ უკვე ვთხოვე ჩემს ადვოკატებს, რომ მოხდეს საქმის მასალების გასაჯაროება. უახლოეს დღეებში ჩვენ გამოვაქვეყნებთ საქმის მასალებს და საზოგადოება ნათლად დაინახავს, რომ უდანაშაულო ვარ. რომ თეორიულადაც კი ამ მკვლელობასთან არაფერი მაკავშირებს", - აღნიშნავს გია გვიჩიანი, რომელიც ასევე ამბობს, რომ პატიმრობის არ ეშინია და პოლიტპატიმართა სიაში შეყვანაც არ მოუთხოვია.
"ამ დროს, სწორედ პოლიტიკის გამო სანდრო გირგვლიანის მკვლელობის ფიქტიური გახსნის დასაფარად დამაპატიმრეს. მე ვთხოვ სამართლიანმა სასამართლომ გადახედოს ჩემს საქმეს და გაარკვიოს ჩემი უდანაშაულობა", - აღნიშნავს ღია წერილში გია გვიჩიანი, რომლის ადვოკატებმა საჩივარი სააპელაციო სასამართლოში დღეს შეიტანეს.
კომაპნია "ტელასის" მენეჯერი ნიკა ლომინაძე 2002 წელს ბახტრიონის ქუჩაზე მოკლული იპვეს.